საქართველოში, შესაძლოა, ჰოლანდიურმა კომპანიამ 650 სხვადასხვა გაბარიტის ავტობუსი აწარმოოს

საქართველოში, შესაძლოა, ჰოლანდიურმა კომპანიამ 650 სხვადასხვა გაბარიტის ავტობუსი აწარმოოს. ამის შესახებ გოგი თოფაძემ ტელეკომპანია ”მაესტროს” გადაცემა ”ბიზნესკონტაქტში” განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცნობილ ჰოლანდიურ ფირმასთან, რომელიც საქართველოს, ავტობუსებთან ერთად, სახანძრო, ნაგვის და სასწრაფო დახმარების მანქანების წარმოებას სთავაზობს. თოფაძის ინფორმაცით, როცა ჰოლანდიის ცნობილი ფირმის წარმომადგენლებმა თბილისში ყვითელი ავტობუსები და ქუჩაში საცობები ნახეს, ყველაფერი შეისწავლეს და ქართულ მხარეს ავტობუსების დამზადება შესთავაზეს.

როგორც თოფაძემ ”ბიზნესკონტაქტთან” საუბრისას განმარტა, ჰოლანდიურმა კომპანიამ ქართულ მხარეს თანამშრომლობა იმ პირობით შესთავაზა, თუ 5 წლის განმავლობაში მათ მიერ დამზადებულ 650 ავტობუსს შევიძენთ. ”გარდა ავტობუსებისა, გვთავაზობენ სასწრაფო დახმარების მანქანებს, სახანძრო მანქანებს, ნაგვის მანქანებს. ყველაფერი გაკეთდება საქართველოში. დაახლოებით, ქუთაისში ან სამტრედიაში. ახლა ველოდებით მათ ჩამოსვლას, საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბოთ ურთიერთობის პირობები. ძალიან ცნობილი ფირმაა, 18 ქვეყანაში აწარმოებს პროდუქციას, და ძალიან ბევრი საინტერესო შემოთავაზებაც აქვს”, -აღნიშნავს გოგი თოფაძე.

მისივე თქმით, ეს პროექტი ბევრ ადამიანს დაასაქმებს: ”საკმაოდ ბევრი დასაქმდება საქართველოში. დაახლოებით, 600-700 კაცი. და მე ვფიქრობ, საქართველოში მანქანათმშენებლობის ტრადიციები უნდა აღდგეს, მით უფრო, დიდი გამოცდილება გვაქვს”,-ამბობს გოგი თოფაძე.