ლატვიამ რუსებისთვის სავიზო განაცხადების მიღება შეაჩერა

ლატვიამ ყველა სახის ვიზებზე რუსებისგან განაცხადების მიღება 26 ივნისიდან შეაჩერა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება „რუსეთში შიდა პოლიტიკური მოვლენების არაპროგნოზირებად განვითარებასთან დაკავშირებით“ იქნა მიღებული, რომელიც ლატვიის ყველა საგარეო დიპლომატიურ და საკონსულო მისიაზე ვრცელდება.

სამინისტრო აცხადებს, რომ სავიზო განაცხადები, რომლებიც 25 ივნისამდე იქნა მიღებული და პროცესშია, სრულად განიხილება. საგარეო უწყება რუსებს რეკომენდაციას უწევს, სავიზო განაცხადების მიღების პროცედურებთან დაკავშირებით სამომავლო ცნობებს თვალყური ადევნონ.

ლატვია, ასევე, არ ცვლის რუსებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს საზღვრის გადაკვეთაზე, რომლებიც 2022 წლის სექტემბრიდან არის ძალაში. კერძოდ, 19 სექტემბრიდან ლატვიამ, ლიეტუვასთან და ესტონეთთან ერთად, რუსებს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდა. რუსები ამ ქვეყნებში შენგენის გარეზონის ტურისტული ვიზებით ვერ შედიან, ხოლო შენგენის შიდა ზონის ტურიტულ ვიზებს სასაზღვრო კონტროლი არ ეხება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ