საფრანგეთის დაპატიმრებული და ჩამორთმეული აქტივების მართვა-დაბრუნების სააგენტომ (Agrasc) ლაჟვარდოვან სანაპიროზე (côte d'Azur) მდებარე ციხე-სიმაგრე გასაყიდად გამოიტანა, რომელიც გარდაცვლილ რუს ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის ეკუთვნოდა. ინფორმაციას Bloomberg აუქციონის დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ციხე-სიმაგრის, Chateau de la Garoupe-ის ღირებულება, დაახლოებით, 120 მლნ ევროდ არის შეფასებული. კონცხ ანტიბზე მდებარე ციხე საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან კონფისკაციას 2015 წელს დაექვემდებარა, რაც გაფლანგვისა და ფულის გათეთრების საქმის ფარგლებში აღსრულდა.
2021 წელს საფრანგეთის სასამართლომ უარყო ბიზნესმენის კრედიტორების შუამდგომლობა, რომლითაც ისინი, დაახლოებით, 122 მლნ დოლარის ღირებულების ქონების ჩამორთმევაზე დადგენილების გაუქმებას მოითხოვდნენ.
Chateau de la Garoupe 1907 წელს აშენდა და თავდაპირველად ბრიტანელ დეპუტატ ჩარლზ მაკლარენს ეკუთვნოდა. ციხე ოჯახის საკუთრებაში რჩებოდა, ვიდრე 1990-იან წლებში ბერეზოვსკის არ მიჰყიდეს.
Chateau de la Garoupe-ს ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი აქვს. მისი ფართობი, დაახლოებით, 1300 კვ.მ-ია. ციხის ტერიტორია მოიცავს საცურაო აუზს, ჩოგბურთის კორტს, ჯაკუზს, შადრევნებს, ბაღებს, სამხატვრო ოთახებს, მუსიკალურ დარბაზებს, საბილიარდესა და ექვს სასტუმრო აპარტამენტს. ციხის ტერიტორია 10 ჰექტარს შეადგენს, რომლეზეც ხუთი სამეურნეო და საცხოვრებელი შენობა არის განთავსებული. ზოგიერთი მათგანი ცუდ მდგომარეობაშია.
შესყიდვაზე პირველადი წინადადებების წარდგენის ვადა 17 ივნისს ამოიწურა. აუქციონის პროცედურით, ციხეზე დაინტერესებულ პირთა ვიზიტები სექტემბრისთვის არის დაგეგმილი, ხოლო საბოლოო წინადადებები 6 ოქტომბერს იქნება წარდგენილი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ