რუსეთ-უკრაინის ომმა უკრაინიდან ტვირთბრუნვა შეამცირა, მარშრუტის ცვლილებამ კი ტარიფი გაზარდა- „ინტერ ლოჯისტიკსის“ დირექტორი

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში პროდუქციის იმპორტი 5,859 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.1 პროცენტით).

აღნიშნულ პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1,022 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (778.6 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (589.7 მლნ აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი 2023 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1,015 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 399.9 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 264.6 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4.5 პროცენტი).

რადგანაც როგორც სტატისტიკიდან იკვეთება, საქართველოში ბევრი ბიზნეს სუბიექტი იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციითაა დაკავებული. საინტერესოა, რა უნდა გაითვალისწინონ მათ იმპორტის ფასებთან, პროცედურებთან და ლოგისტიკურ საკითხებთან დაკავშირებით? ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ საერთაშორისო გადამზიდი კომპანიის ინტერ ლოჯისტიკსის დირექტორს ნათია შუბითიძეს ესაუბრა:

screenshot-4-1687936898.jpg

რა უნდა გაითვალისწინოს იმპორტიორმა გადამზიდის შერჩევისას? იქნება ეს ფასები, ჩამოტანის დრო, რისკები და სხვა...

დღეს ლოგისტიკურ ბაზარზე კონკურენცია დიდია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც იმპორტიორმა უნდა გაამახვილოს ყურადღებას არის კომპანიის სანდოობა, რამდენად მყარია მისი აქტივები ბაზარზე, რამდენად გამოცდილი გუნდითაა დაკომპლექტებული. ასევე, ამ ბიზნესში უმნიშვნელოვანესია ტვირთის დაზღვევა და აუცილებლად გასათვალისწინებელია სერვისის ნაწილი, რომლის კულტურა გადაზიდვების ბიზნესში საქართველოს ბაზარზე ახლა ყალიბდება.

მოგეხსენებათ ჩვენი კომპანია არის პალიტრა ჰოლდინგის გუნდის წევრი, რაც თავისთავად ხაზს უსვამს მის სანდოობასა და სიმყარეს ბაზარზე.

საინტერესოა, დღეს რა ფასებია ბაზარზე, გაძვირდა თუ არა გადაზიდვები გასულ წლებთან შედარებით და რით არის ეს გამოწვეული? ხომ არ არის ამისი ერთ-ერთი მიზეზი პანდემია?

პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირების ტარიფმა უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია, ეს ყოველივე განაპირობა კონტეინერების დეფიციტმა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეის მონაცემებით ფასები კი დასტაბილურდა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომმა უკრაინიდან ტვირთბრუნვის რაოდენობა შეამცირა, ბუნებრივია შეცვალა მარშრუტიც, რაც გადაზიდვის ტარიფზეც ცალსახად აისახა.

საინტერესოა, რა საფასო პოლიტიკითაა „ინტერ ლოჯისტიკსი“ ბაზარზე წარმოდგენილი და უკრაინაში არსებული ვითარების ფონზე, ახერხებთ თუ არა სტაბილური ფასების შენარჩუნებას?

ჩვენი კომპანიის მისიას წარმოადგენს, მომხმარებლისთვის გამართული და უმაღლესი დონის სერვისის მიწოდება, ვცდილობთ, ჩვენს დამკვეთებს მაქსიმალურად დავეხმაროთ სასურველი მარშრუტისა და ტარიფის მოძიებაში. გარდა ამისა, ჩვენი სერვისი მოიცავს: იმპორტიორისთვის საბაჟო ოპერაციებში დახმარებას, ტვირთის დოკუმენტაციის მოგროვებას, კონსულტაციის გაწევას სხვადასხვა საკითხში, მომწოდებლებთან კომუნიკაციას და სხვა.

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების, დაბალი მარჟისა და მსოფლიოს მასშტაბით სანდო აგენტების მეშვეობით არსებულ ტარიფებს ვინარჩუნებთ 1-დან 6 თვემდე.

რა შეცდომებს უშვებს ბიზნესი საიმპორტო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებისას?

ხშირ შემთხვევაში იმპორტიორი საბაჟოზე აწყდება რიგ პრობლემებს, თუმცა ეს არ არის საბაჟოს მხრიდან განპირობებული.

ამ ბიზნესით დაკავებულ პირებს ვურჩევდი, ტვირთის საქართველოში შემოტანამდე გადაამოწმონ კონკრეტული საქონლის იმპორტი ნებადართულია თუ არა, სჭირდებათ თუ არა ამისთვის დამატებითი ნებართვები და ა.შ.

რადგანაც პროდუქციის იმპორტისას აღნიშნული პროცედურა ბიზნესის ნაწილისთვის ჯერ კიდევ პრობლემურია, დამკვეთებს ვთავაზობთ ისეთ მომსახურებას, როგორიცაა ტვირთის შესყიდვამდე გადამოწმება, საბაჟოზე წარსადგენი დოკუმენტების შეგროვება და საბაჟო ოპერაციების დასრულება დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად.

რა სახის პროდუქციის იმპორტი ჯდება ყველაზე ძვირი და რატომ?

ტვირთის გადაზიდვის ტარიფი იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილია, თუ ვსაუბრობთ იმპორტირებული ტვირთის გადაზიდვაზე, ყველაზე მაღალბიუჯეტური არის საჰაერო გადაზიდვები.

დაბალბიუჯეტური გახლავთ საზღვაო გადაზიდვები, თუმცა სატრანზიტო პერიოდი გაცილებით დიდი აქვს, ვიდრე საჰაერო გადაზიდვებს.

დაბოლოს, რა რჩევებს მისცემთ მათ, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს საიმპორტო საქმიანობას?

თუ ბიზნესს ახლა იწყებთ, საქონლის შესყიდვამდე დააზუსტეთ გადაზიდვის ტარიფები, მარშრუტები და სატრანზიტო პერიოდი. ხშირად გვაქვს შემთხვევა, როდესაც დამკვეთს ტვირთის შემოტანა ეჩქარება, რის გამოც შეცდომებს უშვებს, მათ გამოსასწორებლად კი იმაზე მეტი დრო იხარჯება, ვიდრე ყველა პროცედურის დაცვით იმპორტს დასჭირდებოდა. არსებობს რეგულაციები, საზღვრებზე დაბრკოლებები, რომელიც სტანდარტულ სატრანზიტო პერიოდს ზრდის, ჩვენ შეკვეთის დადასტურებამდე ვაფრთხილებთ დამკვეთს და ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას ამ მიმართულებით.

(R)