ირაკლი ღარიბაშვილმა დაბა ხარაგაულში ახალი ამბულატორია გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, დღეს დაბა ხარაგაულში ახალი ამბულატორია გახსნა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმციით, ამბულატორიის საერთო ფართობი 435 კვადრატული მეტრია და ის მოიცავს, როგორც მცირე საოპერაციოს, ასევე რამდენიმე ადგილიან პალატას. პროექტის ჯამური ღირებულება 548 045 ლარია და მშენებლობაზე 9 ადგილობრივი იყო დასაქმებული.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი სამედიცინო პუნქტის გახსნის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა. ადგილობრივებმა პრემიერს ამბულატორიის გახსნისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ დღემდე პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება ურთულეს პირობებში უწევდათ.

პრემიერმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში, ამბულატორიის გვერდით ორსართულიანი, 15-საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნება. "მთავრობის მეთაურმა ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინა. მოსახლეობას ძირითადად წყალმომარაგების და უმუშევრობის პრობლემა აწუხებს. რაიონის გამგებელმა მათ განუმარტა, რომ ხარაგაული წლის ბოლომდე 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რეგიონების გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.