დანია საკუთარ შეიარაღებულ ძალებს 143 მილიარდ კრონის (21 მილიარდი დოლარი) გამოუყოფს მომდევნო 10 წლის განმავლობაში. სკანდინავიური ქვეყანა ხარჯებს რუსეთისგან მომდინარე საფრთხის გამო ზრდის.
ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ბიუჯეტით, 2030 წელს დანია დააკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნას, რომლის თანახმადაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2% თავდაცვაზე უნდა დაიხარჯოს. მთავრობამ შეთანხმებას მიაღწია პარლამენტში ოპოზიციური პარტიების უმეტესობასთან.
მიუხედავად იმისა, რომ დანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრია, ათწლეულების განმავლობაში ის უფრო ნაკლებს ხარჯავდა სამხედროებზე, ვიდრე მისი მოკავშირეები და ამისთვის მშპ-ს 1.3%-ს გამოყოფდა. გასულ წელს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, პოლიტიკური განწყობა შეიცვალა და დანიაც შეუერთდა ევროკავშირის თავდაცვის პაქტს.
თავდაცვის ახალი შეთანხმების უკან მდგარი მხარეები ამ წლის ბოლოს განსაზღვრავენ გეგმის დეტალებს. აღსანიშნია, რომ დანიაში ქალებისთვის სავალდებულო სამხედრო გაწვევის შემოღებაც იგეგმება.