რისი აშენება იგეგმება ვაკეში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე? (+ფოტო)

დღეს და ხვალ საკრებულოში განიხილება ჭავჭავაძის ქუჩაზე სპორტის უნივერსიტეტის (ფიზკულტურულის) ტერიტორიაზე დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ამის შესახებ საკრებულოს წევრი საბა ბუაძე ავრცელებს ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ჭავჭავაძის 49-ში მდებარე სპორტის უნივერსიტეტის შენობა გასული წლის ბოლოს 11 მლნ ლარად გაიყიდა. ობიექტი შპს „ვი არ ვაკე თაუერსმა“ იყიდა. კომპანია 2022 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი “კრწანისი ვილა რეზიდენსის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძეა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა მერიის შესაბამის სამსახურებს „ვი არ ვაკე თაუერსმა“ 2023 წლის გაზაფხულზე წარუდგინა. როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, საპროექტო ტერიტორიის ჯამური ფართობია 18 397 კვ.მეტრი.

„საპროექტო წინადადება ითვალისწინებს საპროექტო ნაკვეთზე არსებული ამორტიზებული შენობების დემონტაჟს და მის ნაცვლად სამხრეთ ნაწილში მრავალფუნქციური კომპლექსის განთავსებას (შენობა N1), ხოლო ჩრდილო დასავლეთ ნაწილში სპორტის უნივერსიტეტის აშენებას (შენობა N2).

საპროექტო კომპლექსის შენობა N1 - მოიცავს მიწისქვეშა ავტოსადგომებს, რომელიც მოეწყობა სამ მიწისქვეშა სართულზე, ხოლო მიწისზევით აშენდება 43 სართული. პირველი 5 სართული დაეთმობა მრავალფუნქციურ კომერციულ ფართს, რომელიც შეასრულებს ერთგვარი პედესტალის ფუნქციას მაღლივი შენობისთვის. შემდეგი 11 სართული დაეთმობა საოფისე სივრცეებს, რომლის თავზეც მოეწყობა საცხოვრებელი ბინები 22 სართულად. ბოლო 5 სართული დაეთმობა ასევე კომერციულ ფართს, სადაც მოეწყობა ფიტნეს დარბაზები, რესტორანი და სახურავზე საცურაო აუზი.

შენობას ჰორიზონტალურად სხვადასხვა ფუნქციებად გამოყოფს რეკრეაციული სართულები, სადაც მოეწყობა გამწვანებული სივრცეები.

შენობა N2 - აშენდება ტერიტორიის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში. იგი წარმოადგენს 4-სართულიან შენობას მიწისქვეშა ავტოსადგომებით. შენობა მთლიანად დაეთმობა უნივერსიტეტს. ხოლო მის მოპირდაპირედ მოეწყობა ჩოგბურთის ორი ღია კორტი და ასევე ღია მინი ფეხბურთის მოედანი,“- აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ვი არ ვაკე თაუერსმა“ მერიის არქიტექტურის სამსახურს უკვე მიმართა აღნიშნულ საპროექტო ტერიტორიაზე არსებული შენობების დემონტაჟის თხოვნით, რაზეც თანხმობა მიიღო.

vake2-1688022097.jpg

vake-1688022090.jpg

vake1-1688022081.jpg

vake4-1688022157.jpg

თაია არდოტელი