ზელენსკიმ მიზნად დაისახა, უკრაინის მშპ ტრილიონ დოლარამდე გაზარდოს

უკრაინას აქვს საკმარისი პოტენციალი, რომ ქვეყნის მშპ 1 ტრლნ დოლარამდე გაიზარდოს. ამის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით უმაღლეს რადაში გამოსვლის დროს განაცხადა, რასაც პორტალი „გორდონი“ ავრცელებს.

„უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის კონკრეტული მიზანი 1 ტრილიონი დოლარია. ეს ძალიან, ძალიან მაღალი ზღვარია და, ერთი შეხედვით, არარეალურად გამოიყურება, თუმცა უკრაინის პოტენციალს შეუძლია ამის უზრუნველყოფა,” - აცხადებს ზელენსკი.

პრეზიდენტმა, ასევე, ამოცანად დაისახა უკრაინელებისთვის ხელფასების მნიშვნელოვანი გაზრდა. მისი თქმით, „გამარჯვების შემდეგ უკრაინა აღარ დაუშვებს იმას, რომ უკრაინელი მამაკაცებისა და ქალების შრომა იაფი იყოს.“

„ჩვენი ხალხის იაფი მუშახელი უკრაინის მოჩვენებითი კონკურენტული უპირატესობა იყო,” - აცხადებს ზელენსკი.

ის მიზნად ისახავს, უკრაინამ ხელფასების ისეთ დონეს მიაღწიოს, რომელიც განისაზღვრება ფორმულით, „მეზობლები ევროკავშირში +30%.“ ზელენსკის შეფასებით, „ეს სამართლიანი მიზანია ამ ომის საფასურად.“ ამასთან, ის მხარს უჭერს შრომის კანონმდებლობის განახლებასა და ომის დასრულების შემდეგ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ახალი რაციონალური საგადასახადო ხელშეკრულების დადებას.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ მსოფლიო ბანკი უკრაინის ეკონომიკის ზრდას 2022 წელს 3,2%-ით, 2023 წელს კი 3,5%-ით პროგნოზირებდა. ქვეყნის ეროვნული ბანკი 2022 წლისთვის უკრაინის მშპ-ის 3,4%-ით ზრდას მოელოდა.

იანვარში უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ 2022 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა 30,4%-ით შეაფასა, რაც დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

წელს მსოფლიო ბანკი უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,5%-იან ზრდას პროგნოზირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ