პარტიების დაფინანსების სავარაუდო კორუფციული შემთხვევები  - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 16 პოლიტიკური პარტიის (პარტიები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ ან წლის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს) 2022 წლის დაფინანსების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

მათ შორის ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია სავარაუდო კორუფციული შემთხვევებზე. კერძოდ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, დაფიქსირდა შემდეგი სავარაუდო კორუფციული შემთხვევები:

  • „ქართული ოცნების“ ორ შემომწირველთან (მათ 2022 წელს „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შეწირეს) დაკავშირებულმა შპს „გზამ“ 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე პერიოდში 118 მილიონი ლარის ოდენობის 12 ტენდერი მოიგო. ამ კომპანიას 2011 წლიდან 245 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული, ხოლო მასთან დაკავშირებულ პირებს მმართველი პარტიისთვის 220 000 ლარი აქვთ გაღებული
  • კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავდა ჯონი ჯინჭარაძის და მარინა დეხტიარევის მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაღებული შემოწირულებები (ჯამში 40,000₾). თანხის გაღებიდან 17 დღეში მათთან დაკავშირებულ სამშენებლო კომპანიას (რომლის მესაკუთრეებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან) ხელვაჩაურის საკრებულომ, ბათუმთან ახლოს, სალიბაურის მაღლობზე, 16 000 კვ.მ. ფართობზე, პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა (გდგ) ერთხმად დაუმტკიცა
  • ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა 7 პირმა 2022 წელს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 250 000 შეწირა. ამავე პირებს 2011 წლიდან მმართველი პარტიისთვის 1.8 მლნ ლარზე მეტი აქვთ შეწირული
  • შემომწირველებიდან გამოიკვეთა რამდენიმე მცირე ჯგუფი, რომლებსაც ერთსა და იმავე დღეს ან 1-2 დღის შუალედში აქვთ მმართველი პარტიისთვის თანხა შეწირული და როგორც წესი, სხვადასხვა გზით (ბიზნესი, ნათესაობა) არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს გარემოებები აჩენს ეჭვებს, წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული და სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა.

თაია არდოტელი