დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი უკრაინელი ემიგრანტი გახდა

ლენ ბლავატნიკის ქონება ამ დროისთვის 13,17 მილიარდ ფუნტს (19,91 მილიარდი დოლარი) შეადგენს.

ბრიტანული ხმის ჩამწერი სტუდია Warner Music-ის მფლობელი, ოდესაში დაბადებული 57 წლის ლენ ბლავატნიკი დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. ”სქაი ნიუსის” ინფორმაციით, ლენ ბლავატნიკის ქონება ამ დროისთვის 13,17 მილიარდ ფუნტს (19,91 მილიარდი დოლარი) შეადგენს.

უკრაინაში დაბადებული ლენ ბლავატნიკის ოჯახი აშშ-ში საბჭოთა კავშირის პერიოდში გადაბარგდა.

რეიტინგის მეორე პოზიციაზე 13 მილიარდი ფუნტით კომპანია Hinduja Group-ის მფლობელები ძმები შრი და გოპი ჰინდუჯები აღმოჩნდნენ, მესამე პოზიციაზე - 11 მილიარდი ფუნტით ქსელური მაღაზიების მფლობელები გალენ და ჯორჯ ვესტონები აღმოჩნდნენ.

”სქაი ნიუსის” ცნობით, რეიტინგში მეოთხე ადგილი ერგო საფეხბურთო კლუბ ”არსენალის” თანამფლობელს, რუს მილიარდერს ალიშერ უსმანოვს, რომლის ქონებამაც 9,8 მილიარდი ფუნტი შეადგინა.

რაც შეეხება ლონდონის ”ჩელსის” მფლობელს რომან აბრამოვიჩს, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში რუსმა მილიარდერმა მეათე პოზიცია დაიკავა 7,29 მილიარდი ფუნტით. აღსანიშნავია, რომ მისი ქონება გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 1,23 მილიარდი ფუნტით არის შემცირებული.