დიეტური Coca-Cola-ს დამატკბობელი შესაძლოა, კანცეროგენად გამოცხადდეს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ხელოვნური დამატკბობელი, ასპარტამი (Aspartame E951), რომელიც დიეტური Coca-Cola-ს წარმოებაშიც გამოიყენება, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC) მომავალ თვეში შესაძლოა, კანცეროგენად გამოაცხადოს. ინფორმაციას Reuters ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

IARC-მა ასპარტამი „შესაძლო კანცეროგენების“ სიაში მას შემდეგ შეიტანა, რაც ჯანმო-სა და საკვები დანამატების საკითხებში სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (JECFA) ექსპერტთა გაერთიანებული კომიტეტის ვრცელი მონაცემები განიხილა. ეს სტრუქტურა ასპარტამზე ვერდიქტს, სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებში გამოიტანს.

Reuters წერს, რომ JECFA-ს ექსპერტები ასპარტამს 1981 წლიდან უსაფრთხოდ მიიჩნევს, თუკი მისი მოხმარება დღიურ დოზას დაექვემდებარება. მაგალითად, 60 კგ წონის ადამიანს რისკი იმ შემთხვევაში დაემუქრება, თუკი დღეში, მინიმუმ, 12 დიეტურ Cola-ს დალევს.

თუმცა დამატკბობელთა საერთაშორისო ასოციაცია (ISA) აცხადებს, რომ კიბოს კვლევის სააგენტოს მიმოხილვა „არ არის მეცნიერულად ყოვლისმომცველი და ძირითადად ფართოდ დისკრედიტირებულ კვლევას ეფუძნება,“ რამაც მომხმარებლები შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ