რიჩარდ ნორლანდი - საქართველო პატივს სცემს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და სურს ბიზნესის სწორად კეთება

საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებები არის 21-ე საუკუნის ნებისმიერი პროგრესული ეკონომიკის ხერხემალი

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ მიაღწია დიდ პროგრესს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისადმი მხარდაჭერა, საქართველოს მოუტანს ეკონომიკურ სარგებელს.

"სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ მიაღწია მრავალმილიონიან შეთანხმებას "მაიკროსოფტთან" მთავრობის მიერ გამოყენებული პროგრამების ლეგალურობის უზრუნველსაყოფად. ეს არის ძლიერი სიგნალი მსოფლიოსადმი, რომ საქართველო პატივს სცემს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და სურს ბიზნესის სწორად კეთება. ინვესტორებს, გამომგონებლებს და უცხოურ კომპანიებს იზიდავს ბაზრები, სადაც ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათი იდეები და პროდუქტი იქნება დაცული. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა ასევე მნიშვნელოვანია ხელოვნებისა და მუსიკის სფეროში. საქპატენტის - საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე სხვების კოორდინირებული ძალისხმევა, დაცული იყოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, არის ნათელი სიგნალი კომპანიებისადმი, რომლებსაც სურთ საქართველოში ინვესტირება, რომ მათი ინვესტიცია არის გონივრული. ჩვენი მხრივ, შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის ბიზნესის სამართლის განვითარების პროგრამა და შეერთებული შტატების საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყება განაგრძობს იურისტებისა და მთავრობისთვის ტრენინგების ჩატარებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში", - განაცხდა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა, არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ ხდება ის რეგიონული ლიდერი. "მაშინ, როდესაც საქართველოს გავლით აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სავაჭრო კორიდორის ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია ხდება კომერციული რეალობა, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქართველო მზადაა", - აღნიშნა ელჩმა.

"საქპატენტის" ინფორმაციით, აღნიშნული კომენტარი რიჩარდ ნორლანდმა ისმო-ს (ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია) მიერ წამოწყებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გააკეთა.

26 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.