გლობალურმა მოვაჭრეებმა რუსული მარცვლეულის ექსპორტი შეწყვიტეს

გლობალური მარცვლეულით მოვაჭრეებმა - Cargill, Viterra, Louis Dreyfus 1-ლი ივლისიდან რუსული მარცვლეულის ექსპორტი შეწყვიტეს, ისინი ქვეყანასაც ტოვებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მათ რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აცნობეს, ასევე იმის შესახებ, რომ ბიზნესის ახალ მფლობელებზე გადაცემის საკითხების შემუშავება მიმდინარე წლის მარტში დაიწყეს.

მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ედუარდ ზერნინმა „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ საერთაშორისო კომპანიებმა ბევრი გააკეთეს რუსული მარცვლეულის ბაზრის განვითარებისთვის. „ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში გაიზარდა ძლიერი ეროვნული მოთამაშეები, რომლებმაც უკვე გადააჭარბეს უცხოურ კომპანიებს ბიზნესის მასშტაბით. ეს გვარწმუნებს, რომ არაფერი ემუქრება რუსული მარცვლეულის ექსპორტს, გარდა ფარული სანქციების ზეწოლისა, რომელსაც ყველა ექსპორტიორი აგრძელებს“, - განაცხადა მან.

სოფლის მეურნეობის ბაზრის კვლევების ინსტიტუტის (IKAR) გენერალური დირექტორის დიმიტრი რილკოს თქმით, რუსული მარცვლეულის ბაზრის სხვადასხვა სეგმენტში გამომავალი კომპანიების ბაზრის წილი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. "მათმა წასვლამ შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს შავი ზღვის გავლით მარცვლეულის გადაზიდვაზე, სადაც მათი საერთო წილი საკმაოდ მაღალი იყო - 20%. თუმცა არ იმოქმედებს აზოვიდან ექსპორტზე ", - განაცხადა მან.

ამავე დროს, IKAR-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ კომპანიების წასვლამ დიდად არ უნდა იმოქმედოს რუსული მარცვლეულის მყიდველებისთვის მიწოდებაზე. „დიახ, ზოგიერთი ქვეყნის ბაზრებზე, მაგალითად, საუდის არაბეთში ან მექსიკაში, ან ნიგერიაში, "ჩვენი უცხოელების" წილი დიდი იყო, მაგრამ არიან რუსი ექსპორტიორებიც", - დასძინა მან.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, რუსეთის ფედერაციიდან მარცვლეულის ექსპორტმა 2022/2023 სასოფლო-სამეურნეო წელს შესაძლოა 55 მილიონ ტონას გადააჭარბოს, 2023/2024 სასოფლო-სამეურნეო წელს - 50-55 მილიონ ტონას.

კოკა კვირკველია