ლვოვში სკოლა 3D-პრინტერის გამოყენებით შენდება, რომელიც ევროპაში პირველი, მსოფლიოში კი უდიდესი იქნება. ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრ მიხაილ ფედოროვმა Telegram-არხზე დაწერა, რასაც სააგენტო unian ავრცელებს.
მართალია, სკოლა ამჟამად ფუნქციონირებს, მაგრამ ბავშვები მასში ვეღარ ეტევიან და პრინტერის საშუალებით ახალ შენობას აგებენ. ახალ სკოლაში 100 დაწყებითი მოსწავლე ისწავლის.
მინისტრის შეფასებით, ტექნოლოგია რესურსების ზუსტი გამოყენებისა და მასალაზე ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა. მბეჭდავი რობოტის სამართავად სულ სამი ადამიანი არის საჭირო. ამასთან, მიხაილ ფედოროვი წერს, რომ ეს ტექნოლოგია სასწავლო დაწესებულების მშენებლობისთვის პირველად გამოიყენება.
ახალი კორპუსის ფართობი 500 კვ. მეტრი იქნება და ის მსოფლიოში 3D-პრინტერით აშენებული ყველაზე დიდი შენობა გახდება. ასეთი მშენებლობა ტრადიციულზე 20%-ით იაფი და 10-ჯერ უფრო სწრაფია.
მინისტრი წერს, რომ უკრაინას დიდი აღდგენის პერიოდი მოელის, ამიტომ მშენებლობისთვის ტექნოლოგიები და ინოვაციები ახლავე უნდა იქნეს მიზიდული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ