ინვესტიციური ილუზიები

რატომ კოჭლობს ლარი?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ათ წელიწადში, 2005-2014 წლებში, საქართველოში 10909 მილიონი (ათი მილიარდ ცხრაას ცხრა მილიონი) დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა: 2005 წელს - 450,0 მლნ; 2007 წ. - 2014,8 მლნ; 2008 წ. - 1564,0 მლნ; 2009 წ. - 779,0 მლნ; 2010 წ.- 814,5 მლნ; 2011 წ. - 1117,2 მლნ; 2012 წ.- 911,6 მლნ; 2013 წ. - 914,4 მლნ; 2014 წ. - 1272,0 მლნ. თითქმის 11 მილიარდი. საშუალოდ მილიარდ 90 მილიონი დოლარი წელიწადში.

მილიარდი სახუმარო რიცხვი არაა. მით უფრო, თუ გვერდით ასეთი რამ - $ აქვს მიხატული. თანაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

მკითხველისთვის შემდგომ ნათქვამი გასაგები რომ გახდეს, ვნახოთ რას ნიშნავს პირდაპირი ინვესტიცია ეკონომიკური ლექსიკონის მიხედვით: "კაპიტალის დაბანდება საზღვარგარეთ, სხვა ქვეყანაში, საკუთარი საწარმოებისა და წარმოების შესაქმნელად. უშუალოდ წარმოებაში და გარკვეული სახის პროდუქციის წარმოება-რეალიზაციაზე დახარჯული თანხები". ე.ი. უცხოელ ინვესტორებს ზემოდასახელებული კინაღამ 11 მილიარდი (თერთმეტი მილიარდი!) დოლარი სხვა ქვეყანაში (საქართველოში) საწარმოების ასაშენებლად უნდა დაებანდებინათ. ინვესტიციები ეკონომიკის ყველა დარგში შეიძლება ჩაიდოს, მაგრამ პირდაპირი ინვესტიციების ცნებაში უპირველესად პროდუქციის გამომშვები ახალი კაპიტალური წარმოების მშენებლობა მოიაზრება.

მიუხედავად თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების მიღწევებისა, წარმოების პროცესების მექანიზაციისა და ავტომტიზაციისა, საწარმოო ძალების განმსაზღვრელ ძალად მაინც ადამიანები რჩებიან, რომელთა გარეშე რაგინდ ტექნოლოგიურად აღჭურვილი საწარმოების ეფექტიანი ფუნქციონირება ვერ განხორციელდება. ამდენად, დაბანდებული ინვესტიციების მოცულობა პირდაპირ კაშვირშია დასაქმებული ადამიანების რაოდენობასთან. რაც მეტია ინვესტიციის მოცულობა, მით მეტი სამუშაო ადგილი უნდა იქმნებოდეს ქვეყანაში.

ეკონომიკის ექსპერტების აზრით, ერთი სამუშაო ადგილის შესაქმნელად საჭიროა 25-30 ათასი ლარის ინვესტიცია. მეტი დამაჯერებლობისთვის დავუშვათ, რომ ერთი სამუშაო ადგილის შესაქმნელად საჭიროა არა 25-30 ათასი ლარი, არამედ ორჯერ მეტი - 25 ათასი დოლარი და ვნახოთ რამდენი ადამიანი დასაქმდა ქვეყანაში 11 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შედეგად.

მეტი სიზუსტისათვის დავაკვირდეთ, რა კავშირია ჩადებულ ინვესტიციებსა და უშუალოდ ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობას შორის, რადგან ინვესტიციები, როგორც წესი, ბიზნესში იდება.

2005 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში 388 946-დან 534 952 კაცამდე გაიზარდა, ე.ი. 146 000 კაცით, მაშინ, როცა 11 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შედეგად ის უნდა გაზრდილიყო 440 000 კაცით (ექსპერტების მოწოდებული 30 ათასი ლარი რომ გვეანგარიშა ერთი სამუშაო ადგილის შესაქმნელად, მაშინ უნდა დასაქმებულიყო 641 ათასი კაცი; 500 ათასი კაცით მეტი, ვიდრე დასაქმდა და უმუშევრობის პრობლემა არამცთუ მოიხსნებოდა, სხვა ქვეყნებიდან გვეყოლებოდა მუშახელი ჩამოსაყვანი).

კარგი, ლარებს თავი დავანებოთ და ისევ დოლარებით დასაქმებულ თუ დაუსაქმებელ ჩვენს მოქალაქეებს დავუბრუნდეთ. როგორც ვთქვით, 2005-2014 წლებში ბიზნესში დასაქმდა 146 ათასი ადამიანი, ნაცვლად 440 ათასისა. სად გაქრა ის 300 ათასი სამუშაო ადგილი, რომელიც ზემოაღნიშნული პირდაპირი ინვესტიციების შედეგად უნდა შექმნილიყო? 146 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას უკეთეს შემთხვევაში 3650 მილიონი (სამი მილიარდ ექვსას ორმოცდაათი მილიონი) დოლარი დასჭირდა. რა იქნა დანარჩენი 7350 მილიონი (შვიდი მილიარდ სამასორმოცდაათი მილიონი) დოლარი, რომელიც, საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი ინვესტიციების სახით ჩაიდო საქართველოში?

სტატისტიკის სამსახურის მიერ ნაჩვენები ინვესტიციებისა და შესაბამისად დასაქმებულთა რიცხოვნების შედარება ლეგიტიმურ ეჭვს ბადებს, მართლა შემოვიდა თუ არა დასახელებული თანხის ინვესტიციები ქვეყანაში, რადგან, რაც შემოვიდა, მათი უდიდესი ნაწილი იყო არა პირდაპირი ინვესტიციები, რაშიც სურთ დაგვარწმუნონ, არამედ სპეკულაციური ინვესტიციები (სპეკულაციურია ინვესტიციები, როცა ხდება აქტივების ყიდვა და ერთი-ორი წლის შემდეგ მათი გადაყიდვა, როგორც ეს საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, მადნეულის, ჭიათურმანგანუმის, მეტალურგიული ქარხნის, ფოთის ტერმინალის, ბათუმის პორტისა და სხვა შემთხვევებში მოხდა, ან, მოქმედი ძვირადღირებული აქტივების იაფად შეძენა მთავრობასთან საეჭვო გარიგებების გზით, როგორც ეს "თელასისა" და "თბილსრესის", საქართველოს სადისტრიბუციო ენერგოკომპანიებისა და ჰიდროელექტროსადგურების, ვარციხჰესების კასკადისა და ასევე სხვა მრავალ შემთხვევაში განხორციელდა).

მკითხველისათვის კიდევ უფრო ნათელი რომ იყოს განსხვავება პირდაპირ და სპეკულაციურ ინვესტიციებს შორის, განვმარტოთ, რომ პირდაპირი ინვესტირების დროს უნდა ხდებოდეს ახალი საწარმოო სიმძლავრეების მშენებლობა ან ძველი სიმძლავრეების სრული რეაბილიტაცია და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ჩადებული ინვესტიციების პირდაპირპროპორციულად.

სპეკულაციური ინვესტირებისას კი ხდება უკვე მოქმედი ღირებული აქტივების ყიდვა-გადაყიდვა და მხოლოდ მფლობელების შეცვლა შემდგომში კაპიტალის მნიშვნელოვანი დაბანდებებისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის გარეშე. უფრო ხშირად კი ხდება არა დასაქმება, არამედ მომუშავეთა რიცხოვნების "ოპტიმიზაცია", მათი რაოდენობის შემცირება, რაც აისახა კიდეც 2014 წლის სტატისტიკაში ბიზნესში დაქირავებულთა 6050-კაციანი კლებით.

ასე, სიტყვების თამაშით (როცა "პირდაპირი" შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს პირდაპირს), იქმნებოდა ილუზია, რომ ივსებოდა ქვეყანა ფულით და ფაბრიკა-ქარხნებით, ხოლო რეალურად, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ხიბლის საფარქვეშ, ხდებოდა ქვეყნის სამრეწველო თუ წიაღისეული სიმდიდრეების მიტაცება შინაური თუ გარეული "ყოჩაღი ბიჭების" მიერ.

ამიტომ არ მოიტანა საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა დაპირებული სიკეთე, თორემ 11 მილიარდი დოლარი დიდი ფულია, ძალიან დიდი! ამოდენა ფულით საქართველოზე ორჯერ დიდი ქვეყნის ეკონომიკის ამოქაჩვა შეიძლებოდა, მაგრამ საქმე სწორედ იმაშია, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები არ გახლდათ ნამდვილად პირდაპირი. 11 მილიარდი დოლარის ინვესტირების მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი არც ერთი ახალი მსხვილი ქარხანა არ აშენებულა, თუ არ ჩავთვლით უკანასკნელ ორ წელიწადში გახსნილ ას (!) საწარმოს, რომელთა ხმაური აყრუებს არემარეს.

თერთმეტი მილიარდი დოლარი (11 მილიარდი!!!) რომ მართლა პირდაპირი ინვესტიციების სახით მოხმარებოდა ქართულ ეკონომიკას, მისი ზრდის ტემპი ხუთიდან ორ პროცენტამდე არ დაეცემოდა, სულ ცოტა ორჯერ ხუთი პროცენტი მაინც იქნებოდა და ლარსაც აღარ დასჭირდებოდა ყავარჯნების შეყენება (ნებისმიერი ქვეყნის ვალუტა იმ ქვეყანაშია მყარი, სადაც რეალურად პირდაპირი ინვესტიციები ხორციელდება, სადაც მრეწველობის საფუძველი - ფაბრიკა-ქარხნები შენდება და პროდუქცია იწარმოება ქვეყნის გარეთ გასაყიდად, როცა ექსპორტი იმპორტზე მეტია, სადაც პოლიტიკური სტაბილურობაა და ასე შემდეგ. მართალია, ლარის დაკოჭლებაში ეროვნულ (ნაციონალურ) ბანკსაც მიუძღვის ბრალი (დროზე არ დაადო დოლარის საფენები მტკივან ფეხზე), მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი სიმბოლოს დევალვაციის მიზეზები ძირითადად ჩვენს ეროვნულ ნაციონალურ) ეკონომიკაში დევს. ამის დანახვას დიდი სიბრძნე არ სჭირდება).

არსებობს ეჭვი, რომ საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი არამც თუ პირდაპირი, უცხოურიც კი არ იყო, რომ მათი საკმაოდ სერიოზული მოცულობა წინა ხელისუფლებების დროს საქართველოდან გატანილი და ოფოშორებიდან უკან შემოტრიალებული თანხებია. მაგრამ "სერიოზული ხალხი" ეჭვებს ხომ არ გამოეკიდება. თანაც წყალი დიდი ხანია ჩავლილია, ფული - გარეცხილი, ქვიშა კი ყველას სამყოფია დარჩენილი.

გიორგი თავაძე

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"