რუსეთი ნავთობმოპოვების შემცირების შემდეგ ექსპორტსაც ანალოგიურად ამცირებს

რუსეთი ნავთობმოპოვების შემცირების შემდეგ დღეში დამატებით 500 000 ბარელით ნავთობის ექპორტსაც ამცირებს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რასაც რუსული მედია ავრცელებს.

ნოვაკის თქმით, რუსეთი მიმდინარე წლის აგვისტოში დღიურ ნავთობმიწოდებას 500 000 ბარელით ნებაყოფლობით შეამცირებს, რაც „საბაზრო ბალანსის უზრუნველსაყოფად“ კეთდება.

რუსეთმა დღიური ნავთობმოპოვება, თებერვლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მარტში 500 000 ბარელით შეამცირა. შემდეგ ეს გადაწყვეტილება ფედერაციის მთავრობამ ჯერ ივნისამდე, შემდეგ კი წლის ბოლომდე გააგრძელა. ამჯერად გადაწყვეტილება ნავთობმიწოდების შემცირებას ეხება.

რუსეთის განცხადების პარალელურად, გადაწყვეტილება საუდის არაბეთმაც მიიღო, რომელმაც ნავთობმოპოვების დღეში 1 მილიონი ბარელით ნებაყოფლობითი შემცირება აგვისტოს ჩათვლით გაახანგრძლივა. მანამდე ეს გადაწყვეტილება ივლისისთვის იყო განსაზრვრული. ამდენად, აგვისტოში, ისევე, როგორც ივლისში საუდის არაბეთის ნავთობმოპოვება დღეში 9 მილიონ ბარელს შეადგენს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ნებაყოფლობითი შემცირება შეავსებს ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას დღიური წარმოების 500 000 ბარელით შემცირების შესახებ, რაც შესაძლოა, კიდევ გახანგრძლივდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ