რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინული Forbes-ის სიის ყოფილი წევრი, ალკოჰოლურ ჰოლდინგ Global Spirits-ის დამფუძნებელი, ევგენი ჩერნიაკი ძებნილთა სიაში შეიყვანა. ამის შესახებ განცხადებას მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
ჩერნიაკის ძებნაზე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის დაფინანსების მუხლით არის აღძრული. გამომძიებლების თქმით, უკრაინელმა ბიზნესმენმა და „სხვა პირებმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების და სხვა შეიარაღებული ფორმირებების სამხედროებს რუსეთის ტერიტორიაზე „ტერორისტული აქტების განხორციელებისთვის“ 500 მლნ რუბლზე (5,618 მლნ დოლარზე) მეტი გადასცეს. ამასთან, საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, რომ ივნისში ჩერნიაკმა უკრაინის შეიარაღებული ფორმირებისთვის 90 მლნ რუბლზე (1,011 მლნ დოლარზე) მეტი ღირებულების საბრძოლო საქონელი შეიძინა.
ჩერნიაკის საქმეზე რუსებმა ბიზნესმენის ნდობით აღჭურვილი ორი პირი დააკავეს. გამოძიება ერთ მათგანს ქრთამის მიცემას, მეორეს კი პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებაში შუამავლობას აბრალებს. რუსმა ძალოვნებმა 10-ზე მეტი ჩხრეკა მოსკოვში, მოსკოვის ოლქსა და სხვა რეგიონებში ჩაატარეს, ხოლო უახლოეს მომავალში ჩერნიაკის ჰოლდინგში მყოფი ორგანიზაციების წილების დაპატიმრებას აპირებენ.
Forbes-ის მიხედვით, ევგენი ჩერნიაკმა 2021 წელს 100 უმდიდრესი უკრაინელის სიაში მე-19 ადგილი დაიკავა. მისი ქონება 470 მლნ დოლარად შეფასდა. ჩერნიაკი ალკოჰოლური ჰოლდინგის, Global Spirits-ის დამფუძნებელია, რომელიც, მათ შორის, არაყ „ხორტიცას“ აწარმოებს. ის, ასევე, 2018 წლიდან YouTube-ზე ბიზნეს-არხ Big Money-ის მართავს.
2022 წლის აპრილში ალკოჰოლური სასმელების რუსულმა ქარხნებმა, რომლებიც არაყ „ხორტიცას“ და Global Spirits-ის პორტფოლიოს სხვა პროდუქტს აწარმოებენ, ასევე, მათმა დისტრიბუტორმა, სავაჭრო სახლ „მეგაპოლისმა“ მფლობელი შეიცვალა.
„კომერსანტის“ ცნობით, ახალი მფლობელი ვინმე ალექსანდრე ბესპალოვი გახდა. თუმცა მფლობელის ცვლილებას უფრო რუსული აქტივების „ფორმალურ გასხვისებას“ უკავშირებდნენ და ისინი რეალურად ჩერნიაკის კონტროლქვეშ რჩებოდა. თავის მხრივ, Global Spirits რუსეთში ბიზნესმენის მიერ აქტივების ფლობას უარყოფს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ