რუსეთმა შესაძლოა უკრაინული პროდუქციის იმპორტი აკრძალოს

უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, შესაძლოა, უკრაინას რუსეთში საქონლის ხორცის საკვები პროდუქტების შეტანაზე პრობლემები შეექმნას.

"როსსელხოზნადზორის" ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, აკრძალვა დააწესოს უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ქვეყნის მასშტაბით. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, 2017 წელს, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, შესაძლოა, უკრაინას რუსეთში საქონლის ხორცის საკვები პროდუქტების შეტანაზე პრობლემები შეექმნას. "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელის მოადგილის ნიკოლაი ვლასოვის თქმით, ევროკავშირსა და საბაჟო კავშირს, რომელშიც რუსეთია გაერთიანებული, სერტიფიცირების სხვადასხვა სისტემა და პროდუქტებში ზოგიერთი ნივთიერების დასაშვები ნორმის სხვადასხვა დონე აქვთ. "რიგ შემთხვევაში კი საბაჟო კავშირში შემავალი ქვეყნების მოთხოვნები უფრო მკაცრია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების", - აღნიშნა ნიკოლაი ვლასოვმა.

მისივე თქმით, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, რუსეთსა და უკრაინას 50-მდე სახეობის პროდუქტზე, მათ შორის ხორცზე, თევზზე, რძის პროდუქტებზე, სერტიფიკატების შემუშავება მოუწევთ. "თითოეულ სერტიფიკატს გარკვეული დრო დასჭირდება, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღიდან რამდენიმე წელი გაგრძელდეს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რუსეთმა შეწყვიტოს უკრაინიდან პროდუქტის შემოტანა ", - განაცხადა "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენელმა.