ამერიკულ კორპორაცია Microsoft-ს ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის გამოძიება ემუქრება, მას შემდეგ, რაც ასეთი ნაბიჯის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირის მარეგულირებელ ორგანიზაციასთან წარმოებული დისკუსიები ჩიხში შევიდა. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, გასულ წელს Microsoft-მა დაიწყო მოლაპარაკებები ევროკომისიასთან, რათა თავიდან აირიდოს გამოძიება. კომპანიამ ცოტა ხნის წინ შესთავაზა თავისი Office პროდუქტის ფასის შემცირება Microsoft Teams აპლიკაციის გარეშე. წყარო ამბობს, რომ ევროკომისია უფრო მეტ ფასდაკლებას ითხოვს, ვიდრე კორპორაციის მიერ არის შემოთავაზებული. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. „ჩვენ ვაგრძელებთ [ევროპულ] კომისიასთან თანამშრომლობას მის გამოძიებაში და ღია ვართ პრაგმატული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც აღმოფხვრის პრობლემებს და კარგად მოემსახურება მომხმარებლებს“, - ციტირებს სააგენტო ევროკომისიის სპიკერს.
Reuters-ის ცნობით, Microsoft-ი ევროკავშირის გამოძიების საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა Salesforce-ის საკუთრებაში არსებული კორპორატიული მესენჯერის Slack-ის საჩივრის შემდეგ 2020 წელს. 2017 წელს Microsoft-მა Office 365-ს უფასოდ დაამატა Microsoft Teams პლატფორმა. Slack-მა განაცხადა, რომ მისმა კონკურენტმა არასამართლიანად მოახდინა გარკვეული ფუნქციების ინტეგრირება მის პროდუქტში.