ხელსაყრელია თუ არა ქუთაისიდან ევროპაში წასვლა - რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, ავიაკომპანია Red Wings-მა მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენები ოფიციალურად დააანონსა. ბილეთები საიტზე უკვე იყიდება და პირველი ფრენა დომოდედოვოს აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით 10 ივლისს შესრულდება. ფრენის ხანგრძლივობა 3 საათსა და 40 წუთს შეადგენს.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ ქუთაისიდან ევროპაში ფრენის საკითხები მიმოიხილა. სტატიაში 15 ქვეყნის 27 მიმართულებაზეა საუბარი. კონკრეტულად კი:

  • ავსტრია (ვენა)
  • ბელგია (ბრიუსელი)
  • უნგრეთი (ბუდაპეშტი)
  • გერმანია (ბერლინი, მიუნხენი, ფრანკფურტი და დორტმუნდი)
  • საბერძნეთი (ათენი და სალონიკი)
  • დანია (კოპენჰაგენი)
  • ესპანეთი (ბარსელონა, მადრიდი)
  • იტალია (რომი, მილანი)
  • კვიპროსი (ლარნაკა)
  • ლატვია (რიგა)
  • ლიტვა (ვილნიუსი)
  • პოლონეთი (გდანსკი, კატოვიცე, კრაკოვი, პოზნანი, ვარშავა, ვროცლავი)
  • საფრანგეთი (პარიზი)
  • ჩეხეთი (პრაღა)
  • ესტონეთი (ტალინი)

ასოციაცია წერს, რომ მოგზაურობის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:

  1. ჩამოთვლილთაგან უმეტესი ქვეყანა რუსი ტურისტებისთვის მიუწვდომელია:
  2. კლასიკური გეგმა არ იმუშავებს: მგზავრს დასჭირდება საზღვრის გავლა, ბარგის აღება, ხელახალი რეგისტრაცია და საზღვრის გავლა საპირისპირო მიმართულებით.
  3. ფრენა მოსკოვიდან გვიან საღამოს სრულდება - Wizz Air-ის ფრენების უმეტესობას გადასასვლელად დასჭირდება "გაჩერება", ზოგიერთ შემთხვევაში ერთ დღეზე მეტი.

რა ეღირება ბილეთი ევროპაში ქუთაისის გავლით:

მაგალითად, მოსკოვიდან ქუთაისამდე ბილეთის ღირებულება საშუალოდ 241 დოლარი იქნება. ქუთაისიდან ვენაში ფრენა საშუალოდ 170 დოლარია. გამოდის, რომ მოსკოვიდან ევროპაში გადაფრენა დაახლოებით 411 დოლარი დაჯდება.

ბუდაპეშტში ქუთაისიდან გადაფრენა 145 დოლარად იქნება შესაძლებელი, რაც საერთო ჯამში დააახლოებით 415 დოლარს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ სანქციებამდე მოსკოვიდან უნგრეთში მოხვედრა 335 დოლარად იყო შესაძლებელი.

რაც შეეხება ბერლინს, ქუთაისიდან ფრენა დაახლოებით 189-245 დოლარი ღირს, მოსკოვიდან კი ჯამში ეს ფასი 550 დოლარამდეც შეიძლება გაიზარდოს.

ქუთაისიდან ათენის მიმართულებით რეისები 111 დოლარიდან იწყება. სრულად ფრენა მოსკოვიდან დაახლოებით 400 დოლარი დაჯდება.

ორშაბათსა და პარასკევს ხორციელდება ფრენა ქუთაისიდან ბარსელონაში. ბილეთები ძვირია - 225 დოლარიდან, იგივე ფასია რომის მიმართულებითაც. მილანში ფრენების შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაციაა, მხოლოდ მოსკოვიდან ფრენა დიდი ალბათობით ცოტა ძვირი დაჯდება.

საკმაოდ ძვირი ჯდება პარიზი, სადაც ქუთაისიდან საშუალოდ 200 დოლარად გაფრინდებით, ჯამში მოსკოვი-ქუთაისი-პარიზის გზა კი 500 დოლარზე მეტი დაგიჯდებათ.

მიუხედავად არც ისე მცირე არჩევანისა, მოსკოვიდან ევროპაში მოხვედრა კომფორტული შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით იყოს, ისიც კონკრეტულ თარიღებში.

სიტუაცია უკეთესობისკენ შეიძლება შეიცვალოს თუ Red Wings რეისებს ყოველდღე შეასრულებს ან მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ბილეთის ფასი დაიკლებს.

ეკა დარჩიაშვილი