5 ივლისიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისის გავლით მოსკოვიდან ნიცაში ტრანზიტულ ფრენებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე ვრცელდება.
თბილისიდან ნიცაში რეისები შესრულდება ყოველკვირეულად ოთხშაბათს და შაბათს, გამგზავრების დროა 11:00. ვინაიდან ავიაკომპანია ახორციელებს ყოველდღიურ დილის ფრენებს მოსკოვიდან თბილისში ჩამოსვლის დროით 09:50 (მოსკოვის დროით 08:50), ხელმისაწვდომია ტრანზიტული ფრენები მოსკოვიდან ნიცაში ტრანსფერით საქართველოს დედაქალაქში 1 საათი 10 წუთი ხანგრძლივობით - წერს რუსული მედია. ბილეთის ღირებულება დაახლოებით 535 დოლარს შეადგენს.
ნიცას გარდა, Georgian Airways ასევე ახორციელებს ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, თესალონიკში, თელ-ავივის, მილანის, ბერლინისა და ლარნაკას მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით განკარგულებას ხელი 2023 წლის 10 მაისს მოაწერა. ამავე დოკუმენტით, აღდგა პირდაპირი ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის. განკარგულება ძალაში 15 მაისიდან შევიდა. მოსკოვი-თბილისის რეისს რუსული ავიაკომპანია Azimuth 19 მაისიდან ასრულებს, ხოლო Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით, ოთხი წლის შემდეგ, პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.