ტურისტული და სატრანზიტო „მაგნიტი“ რუსებისთვის - რეშეტნიკოვმა აფხაზეთში რუსული პროექტები დაათვალიერა

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი, მაქსიმ რეშეტნიკოვი მიიჩნევს, რომ „აფხაზეთი რუსების უდიდესი ნაწილისთვის შესაძლოა, ტურისტული მაგნიტი“ გახდეს. ამის შესახებ მან ოკუპირებულ აფხაზეთში ერთდღიანი ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში, რუსი ინვესტორების მონაწილეობით, რესპუბლიკაში სოხუმის აეროპორტი აღდგება, ბიჭვინთასთან კი სამი დიდი სასტუმრო კომპლექსი აშენდება.

„ყველა ეს ინფრასტრუქტურული ობიექტი გახდება ახალი პუნქტი აფხაზეთის ტურისტული სექტორისთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის. აფხაზეთს შეუძლია, გახდეს ტურისტული მაგნიტი რუსების უდიდესი ნაწილისთვის,“ - ამბობს რეშეტნიკოვი.

მისი შეფასებით, ინფრასტრუქტურის განვითარება რუსულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, უფრო აქტიურად შევიდნენ აფხაზურ ბაზარზე და განვითარების ახალი შესაძლებლობები იპოვონ.

თავის მხრივ, აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუს დროს აცხადებდა, რომ სოხუმის აეროპორტი სატრანზიტო იქნება, თუმცა მან არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნები გამოიყენებენ ამ ტრანზიტს.

„ტრანზიტი უდავოდ საინტერესო თემაა. თუ ეს მომგებიანი იქნება ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც შეუძლია, გამოიყენოს ეს ტრანზიტი, მაშინ ჩვენ უნდა დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ ამ საკითხზე,“ - აცხადებს ანქვაბმა.

ივნისის შუა რიცხვებში გამართულ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ ქრისტინა ოზგანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სოხუმის აეროპორტის აღდგენას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, „სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობის აღდგენისა და შემდგომი ფუნქციონირების საინვესტიციო პროექტს რუსეთის იურიდიული პირი განახორციელებს.“ აღდგენითი სამუშაოები ორ ეტაპად, კერძო ინვესტორის ხარჯზე და ფედერალური ბიუჯეტიდან თანხების მიზიდვის გარეშე ჩატარდება.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს („როსავიაციის“) და პოტენციური ინვესტორის წინასწარი შეფასებით, რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის ღირებულება 6,5 მლრდ რუბლს (77,180 მლნ დოლარს) შეადგენს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 3.6 კმ-იანი ასაფრენი ბილიკიდან 2.4 კმ-ის რეკონსტრუქცია, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს, მიიღოს რუსული SSJ-100-ისა და MS-21-ის მოდელის სამგზავრო, ასევე, IL-76-ის ტიპის სატვირთო თვითმფრინავები.

რეშეტნიკოვის უწყება პროგნოზირებს, რომ რეკონსტრუქციის პირველ ეტაპზე ტრაფიკის წლიური მოცულობა 375,8 ათას მგზავრს შეადგნეს. აღდგენითი სამუშაოების მეორე ეტაპი წელიწადში მილიონი მგზავრის მიღწევის შემდეგ დაიწყება. პროექტის დროული განხორციელების შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო აეროპორტის მუშაობის განახლებას 2024 წლის მეოთხე კვარტალში გეგმავს. მთლიანობაში სამინისტრო მოელის, რომ განახლებული აეროპორტის ტრაფიკის ჯამური მოცულობა წელიწადში, დაახლოებით, 1,2 მილიონ მგზავრს მიაღწევს.

მაქსიმ რეშეტნიკოვის შეფასებით, „რუსეთისთვის ახალი აეროპორტი ერთდროულად ორ მნიშვნელოვან ამოცანას გადაჭრის. კერძოდ, სოჭის აეროპორტისა და მრავალმხრივი საავტომობილო გამშვები პუნქტის, „ადლერის“ უკიდურეს გადატვირთულობას მოხსნის, რომლებიც დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში შესვლის მთავარი ობიექტებია.“

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს აეროპორტის გახსნა პირველად პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას კუთვნილი კომპანიების ჯგუფ „საბაზისო ელემენტის“ მმართველმა დირექტორმა, ალექსეი ვასილჩენკომ გამოაცხადა. მედიის ცნობით, სოხუმის აეროპორტს სწორედ „საბაზისო ელემენტი“ აღადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ