Meta Platforms გეგმავს ჩაუშვას Twitter-ის ალტერნატივა, აპლიკაცია, რომელსაც სახელად Threads ერქმევა. სიახლის შესახებ კომპანიამ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ილონ მასკის გადაწყვეტილებამ, შეზღუდოს Twitter-ზე წასაკითხი პოსტების რაოდენობა, მომხმარებელთა მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა.
Threads-ის ჩაშვების სავარაუდო თარიღი 6 ივლისია. მომხმარებლებს მიმდევრები Instagram-ის ანგარიშებიდან გადმოჰყვებათ და შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ იგივე სახელი.
ეს სიახლე გამოწვევაა Twitter-ისთვის, რომელმაც მასკის მიერ მის 44 მილიარდ დოლარად ყიდვის შემდეგ კრიტიკა მრავალჯერ დაიმსახურა საკამათო გადაწყვეტილებების გამო.
ცნობისთვის, სოციალური ქსელის, Twitter-ის მფლობელი ილონ მასკი პლატფორმაზე წასაკითხი პოსტების დღიურ რაოდენობაზე ლიმიტს აწესებს. ამის მიზანი ქსელიდან პოტენციურად ღირებული მონაცემების უნებართვოდ მოპოვების შეზღუდვაა.
ამიერიდან, საიტზე პოსტების ნახვა მხოლოდ საკუთარ ანგარიშზე შესვლის შემთვევაში იქნება შესაძლებელი. მაგრამ, უნდა ითქვას ისიც, რომ ეს მხოლოდ დროებითი ცვლილებაა.
მასკის თავდაპირველი ინიციატივით, არავერიფიცირებულ მომხმარებლებს დღეში 600 პოსტის ნახვა შეეძლებოდათ, ვერიფიცირებულებს კი - 6,000-ის. თუმცა, კრიტიკის შედეგად, რაოდენობა არავერიფიცირებულებისთვის 1,000-მდე, ვერიფიცირებულთათვის კი 10,000-მდე გაიზარდა.
მილიარდერი ამბობს, რომ Twitter-ის მონაცემებს არამიზნობრივად იყენებენ ხელოვნური ინტელექტის, მათ შორის, ChatGPT-ის განსავითარებლად, ეს კი აფერხებს პლატფორმის მუშაობას.
აღსანიშნია, რომ წელს მასკმა შემოიღო 8-დოლარიანი გამოწერის სერვისიც, რომლის მიზანიც კომპანიის შემოსავლების გაზრდაა. ამავე დროს, პლატფორმის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ხარჯების შესამცირებლად და გაკოტრების თავიდან ასაცილებლად თანამშრომელთა 3/4 დაითხოვა.