დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი საპენსიო ვალებთან დაკავშირებით, პენსიონერების ჯგუფს შეხვდა

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ წევრი, დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი თბილისში, კიკვიძის ბაღში პენსიონერების ჯგუფს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთო და ინდივიდუალურ პრობლემებს. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ საკითხზე სამართლებრივი დავა დაიწყოს, მანამდე კი მანდატის უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

„აღსანიშნავია, რომ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის, 36-დან 26%-მდე შემცირების მიუხედავად, გამოიკვეთა პრობლემები ცვლილებების განხორციელებამდე აღებულ სესხებთან დაკავშირებით. პენსიონერების სესხების უმეტესობა გაცემულია მაღალ პროცენტში.

გარდა ამისა, პენსიონერების ძველი სესხების დიდი ნაწილი არის „ოვერდრაფტი“, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ ყოველთვიურად გადახდილი თანხა, ხმარდება მხოლოდ ბანკის მომსახურების საკომისიოს და სესხის ძირი არ იფარება. სწორედ ეს განაპირობებს „ვალს სიცოცხლის ბოლომდე“, როგორც მას თავად პენსიონერები უწოდებენ.

უმეტესობას, „ლიბერთი ბანკისთვის“, სიცოცხლის ბოლომდე თანხის გადახდა მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ აღებული ვალის ორმაგი და სამმაგი, ზოგს ათმაგი ოდენობის თანხები უკვე გადახდილი აქვთ, ისინი ვერასოდეს შეძლებენ ასეთი სესხის („ოვერდრაფტის“) ერთიანად დაფარვას, რის გარეშეც ბანკი ვალს, დასრულებულად არ მიიჩნევს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პარტიის ცნობითვე, პენსიონერებს, რომლებსაც ბანკმა „ოვერდრაფტები“ გაუფორმა, არავინ აუხსნა დეტალურად თუ რა შინაარსის სესხს იღებდნენ, რა იფარებოდა და რა არა ყოველ თვე გადახდილი თანხით; ასევე, მათ არავინ აუხსნა, რომ ასეთ სესხზე ძირი არ იფარება და ვადის გასვლის შემდეგ, ისევ იგივე თანხა ექნებოდათ გადასახადი.

„არის ძვრები, ვმუშაობთ აქტიურად, ფაქტია გამოსავალი აუცილებლად უნდა მოიძებნოს. ვფიქრობ, რომ ადამიანებს, ვინც სესხად აღებული თანხის ოდენობა თავისი პროცენტებით უკვე გადაიხადა, სესხი უნდა გაუნულდეს. მოსაძებნია საერთო გამოსავალი, რათა ყველაზე მოამაგე და დასაფასებელი ჯგუფი, ისედაც მძიმე სოციალური პრობლემების მქონე, სიბერეს მუდმივი ღელვის, ნერვიულობის და ვალების გარეშე ატარებდეს“,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ქეთევან თურაზაშვილმა.