ირაკლი კოვზანაძე სუვერენული ფონდების აზიის სამიტში მონაწილეობს

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარე სუვერენული ფონდების აზიის სამიტში მონაწილეობს.

"საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძე პოტენციურ პარტნიორებს გააცნობს ფონდის მუშაობის პრინციპებს, მიმდინარე და განხილვის პროცესში მყოფ პროექტებს და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრებს. "ეს არის მაღალი დონის სამიტი, სადაც დელეგატები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ეცნობიან სხვადასხვა ბაზრის პერსპექტივებს და საფუძველს უყრიან მომავალ საერთო პროექტებს,"- განაცხადა კოვზანაძემ.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კოვზანაძის შეხვედრა რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელთან საპარტნიორო ფონდთან მომავალი თანამშრომლობისა და ფონდისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით. სუვერენული ფონდების აზიის სამიტი (SWFI Institute Fund Summit Asia 2015), სეულში 27-28 აპრილს იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი დონის ბიზნესლიდერებს და ინსტიტუციურ ინვესტორებს მასპინძლობს.