წლის ყველაზე იღბლიანები

ლონდონის ”ჩელსის” გულშემატკივარმა დინ კლეიმ 2 ფუნტით 92 ათასი ფუნტი მოიგო

2015 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში იღბლიანთა რაოდენობა, რომელთაც ბედმა გაუღიმა და ლატარეაში მომგებიანი ბილეთი შეხვდათ, საგრძნობლად გაიზარდა, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

31 მარტს, დიდ ბრიტანეთში EuroMillions-ის ლატარეაში ჯეკპოტი მოხსნეს რიჩარდ და ენჯელა მაქსველებმა - იღბლიანმა წყვილმა 53 მილიონი ფუნტი მოიგო. ბრიტანული გამოცემა ”მირორის” ცნობით, რიჩარდ მაქსველი ოთხი საათის განმავლობაში უმალავდა მეუღლეს ლატარეაში გამარჯვების შესახებ.

რეკორდული თანხა გათამაშდა ცოტა ხნის წინ დანიაში, სადაც იღბლიანმა მოთამაშემ 315 მილიონი კრონი მოიგო, რაც დაახლოებით 43 მილიონი ევროა. ამ გათამაშებით დანიაში 2012 წლის რეკორდი მოიხსნა, როდესაც ლატარეაში 40 მილიონი ევრო გათამაშდა.

დიდ ბრიტანეთში მდებარე თურქული რესტორნის ”კაპადოკიას” მიმტანმა ფათიხ ოზქანმა ერთი დღით ადრე უწინასწარმეტყველა საკუთარ თავს, რომ მილიონ ფუნტს მოიგებდა. მისი ინტუიცია გამართლდა - მეორე დღეს ფათიხ ოზქანმა EuroMillions-ის ლატარეაში მილიონი ფუნტი მოიგო. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მომგებიანი ბილეთი მან რესტორნის მფლობელთან ერთად შეიძინა. მილიონიანი ბილეთის საქმე სასამართლომდეც კი მივიდა, ვინაიდან არც მიმტანი და არც რესტორნის მფლობელი თანახმა არ იყვნენ მოგებული თანხის გაყოფაზე. საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანხის ნახევარი რესტორნის მფლობელს მაინც ერგო.

ლონდონის ”ჩელსის” გულშემატკივარმა დინ კლეიმ თებერვალში 92 ათასი ფუნტი მოიგო. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ეს დიდი მოგება არ იყოს, თუმცა 48 წლის ინგლისელმა ტოტალიზატორში ფსონი 14 მატჩზე დადო და 14-ივე მატჩის შედეგი გამოიცნო. ”ჩელსის” გულშემატკივარს ბედმა სულ რაღაც 2 ფუნტის სანაცვლოდ გაუღიმა. დინ კლეის თქმით, მოგებული ფულით საკუთარ სახლს იყიდის.

Comedy Сlub-ის პრეზიდენტმა გარიკ ხარლამოვმა ლატვიის კაზინოების ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტი მოხსნა. რიგის ”ოლიმპიკ ვუდუ კაზინოში” იანვრის ბოლოს მან სათამაშო ავტომატებზე 317 ათასი ევრო მოიგო. გარიკ ხარლამოვის თქმით, მოგებული თანხით ის ბანკში იპოთეკურ სესხს დაფარავდა.

ჯერჯერობით უცნობია, ვის გაუმართლებს ხვალ ამერიკული ”მეგა მილიონის” გათამაშებაში, სადაც ჯეკპოტმა 85 მილიონ დოლარს მიაღწია. ”მეგა მილიონის” ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტი 2012 წლის 30 მარტს გათამაშდა - 656 მილიონი დოლარი. თანხა თანაბრად გადანაწილდა სამ იღბლიანზე კანზასის, ილინოისისა და მერილენდის შტატებიდან.