რა ფინანსური მაჩვენებლები აქვს ფონდს, რომლის ერთ-ერთ ხელმძღვანელსაც 39 მლნ დოლარის ბიტკოინის მითვისებას ედავებიან

პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. 2013 წელს დააფუძნა თანაინვესტირების ფონდი ასევე რუსეთ-საქართველოს ორმაგ მოქალაქე ლევან ვასაძესა და ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავ, უჩა მამაცაშვილთან ერთად. 2013 წლიდან, 6 წლის განმავლობაში იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, 2019 წლის მაისიდან კი, ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზეა, სადაც იგი ზედამხედველობას უწევს ფონდის მანდატის შესაბამისად მუშაობას.

რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდის ფინანსურ მაჩვენებლებს, 2021 წლის ანგარიშგებით 6,745 მლნ ლარის ამონაგები მიიღო, აქედან 4,035 მლნ -აგენტის საკომისიო იყო; 1,864 მლნ - წილის და საერთო მართვის საკომისიო; 760 ათასი ლარი - ინვესტიციების მართვის საკომისიო იყო, ხოლო 86 ათასი - სხვა საკონსულტაციო ანაზღაურება.

ანგარიშგების თანახმად, თანაინვესტირების ფონდის (შპს „ჯი სი ეფ პარტნიორები“) წლის მოგებამ კი 647 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, 2021 წლის ბოლოს ფონდის საკუთრებაში იყო 14,457 მლნ ლარის აქტივები.

2021 და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფონდის 100%-ს სრულად ფლობდა გიორგი ბაჩიაშვილი. 2022 წლის დეკემბრიდან კი ფონდის 100%-იანი წილის მესაკუთრედ რეესტრში კახა კობიაშვილი ფიქსირდება.

ცნობისთვის, ფონდი ჩართულია ინვესტიციების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და სხვა საკონსულტაციო მომსახურებების განხორციელებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა ბაჩიაშვილს 2015 წელს 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავება, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. დღეს კი, ამ ბიტკოინების ღირებულება დაახლოებით 98 მლნ აშშ დოლარია.

თაია არდოტელი