ზელენსკიმ „ალფასტრახოვანიე“ დაასანქცირა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააქციო საზოგადოება „ალფასტრახოვანიეს“ სანქციები დაუწესა. ზელენსკიმ, ასევე, დაასანქცირა „ალფასტრახოვანიეს“ სტრუქტურები და სხვა რუსული იურიდიულ პირები, როგორიც არის AlfaStrakhovanie-OMS, AlfaStrakhovanie-Life, AS Finance, AS Holding, AB Holding და UNS-Holding. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, „ალფასტრახოვანიე” უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენის, მიხაილ ფრიდმანის კომპანიაა და რუსეთის ეროვნულ გვარდიას, იგივე „როსგვარდიას“ ემსახურება. თავის მხრივ, ფრიდმანი აცხადებს, რომ „ალფასტრახოვანიეს“ აქციონერი ნამდვილად არის, თუმცა „ყველა მმართველი ორგანოდან“ გასულია.

„როსგვარდიის“ სამხედრო ნაწილები, რომლებთანაც „ალფასტრახოვანიეს“ ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული, უშუალოდ მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიან ომში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ რეჟიმს უჭერენ მხარს. იგივე კომპანია, ასევე, აზღვევს იმ სამხედრო ნაწილის მანქანებს, რომელიც პუტინის სპეციალური პროგრამების მთავარ სამმართველოსა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენინგრადის ოლქის სამმართველოს ექვემდებარება.

აღსანიშნავია, რომ „ალფასტრახოვანიე“ საქართველოში შემოსული რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის მგზავრების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებულ ზარალსაც აზღვევს.

ზელენსკიმ სანქციები სულ 18 კომპანიას დაუწესა. კერძოდ, ჩამოთვლილი შვიდი რუსული იურიდიული პირის გარდა, სანქციების სიაში შევიდა ცხრა კომპანია კვიპროსიდან, ასევე, თითო-თითო ლუქსემბურგიდან და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან.

ყველა კომპანიის მიმართ შეზღუდვები 10 წლით დაწესდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ