ადვოკატი - ის რომ, თითქოს ბაჩიაშვილმა ინვესტორის ფული მიისაკუთრა, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა

საქმის მასალების მიხედვით, ბაჩიაშვილს ედავებიან, თითქოს ინვესტორის ფული მიისაკუთრა, ოღონდ ეს გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარის მიერ საქმეში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია ბანკი „ქართუს“ სესხის ხელშეკრულება, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილმა პროცენტიანად 1 წლის თავზე სრულად დაფარა.

„ადამიანს ედავებიან, რომ მან მიითვისა ინვესტორის თანხა 2015 წელს, 8 წლის წინ. რეალურად, საქმეში წარმოდგენილია საბანკო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც წერილობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბაჩიაშვილის კომპანიამ მიიღო სესხად 5 მილიონი, ხოლო 1 წლის შემდეგ გადაიხადა, როგორც სესხად აღებული 5 მილიონი, ასევე პროცენტი - ასობით ათასი ლარი.

ეს არის მტკიცებულებები, თუმცა დღეს დაცვის მხარეს გვიწევს იმის მტკიცება, რომ მას პარტნიორი არ ჰყოლია“,- განაცხადა ადვოკატმა.

მახარაშვილის განცხადებით, კითხვის ნიშანს აჩენს ის ფაქტი, რომ 8 წლის შემდეგ რატომ დაინტერესდა გამოძიება ამ ფაქტით, მაშინ, როდესაც მთელი ეს პერიოდი ბაჩიაშვილი მუშაობდა იმ კომპანიებში წამყვან თანამდებობებში, რომლებიც დაკავშირებული იყო დღეს დაზარალებულ მხარესთან.

„საქმის მასალების მიხედვით, ბაჩიაშვილს ედავებიან , თითქოს ინვესტორის ფული მიისაკუთრა, ოღონდ ეს გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. საპირისპიროდ წარმოდგენილია ბანკი „ქართუს“ სესხის ხელშეკრულება, რომელიც სრულად გადახდილია 1 წლის თავზე პროცენტთან ერთად“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

მას ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა.

თავად ბრალდებულმა, გიორგი ბაჩიაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.