ვის რა ქონება უანდერძა სილვიო ბერლუსკონიმ

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ მედიაჰოლდინგ Fininvest-ის აქციათა საკონტროლო პაკეტი თავის უფროს შვილებს, მარინასა და პიერ სილვიო ბერლუსკონის უანდერძა. ინფორმაციას Reuters ანდერძს გაცნობილ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბერლუსკონის უფროსი შვილები ჰოლდინგში 50%-იან წილს თანაბრად დაეუფლებიან. ამასთან, მარინა ბერლუსკონი Fininvest-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. იტალიის ყოფილი პრემიერის ანდერძი ადასტურებს, რომ ჰოდლინგზე ერთპიროვნული კონტროლი არცერთ პირს არ ექნება. ბერლუსკონის კიდევ სამი შვილი - ბარბარა, ელეონორა და ლუიჯი ოჯახურ ბიზნესში ნაკლებად არიან ჩართული.

ანდერძის თანახმად, ბერლუსკონიმ უმცროს ძმას, პაოლოსა და თავის უკანასკნელ პარტნიორ ქალს, მარტა ფასკინას 100 მლნ ევრო დაუტოვა. ის მისი კანონიერი ცოლი არ ყოფილა, თუმცა ბერლუსკონიმ მასზე „სიმბოლურად“ იქორწინა. მან, ასევე, 30 მლნ ევრო თავის ახლო მეგობარსა და კოლეგას, მარჩელო დელ უტრის უანდერძა. ის 2014 წელს მაფიასთან კავშირის ბრალდებით იყო გასამართლებული.

ბერლუსკონის ანდერძი 2022 წლის 19 იანვრით არის დათარიღებული: ეს თარიღი, Reuters-ის ცნობით, მილანის საავადმყოფოში მის ჰოსპიტალიზაციას ემთხვევა. თუმცა Fininvest-სა და სხვა აქტივებზე გადაწყვეტილება ბერლუსკონიმ ჯერ იდევ 2006 წელს მიიღო.

სილვიო ბერლუსკონი 2023 წლის ივნისში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის პნევმონიაზე და მიელომონოციტურ ლეიკემიაზე მკურნალობდა. იმ დროისთვის Forbes Real-Time-ს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის ქონება 6,8 მლრდ დოლარად ჰქონდა შეფასებული.

მედიაჰოლდინგ Fininvest-იდან ბერლუსკონი დღეში 170 ათას ევროს იღებდა, ხოლო კომპანიის სუფთა შემოსავალმა 2021 წელს, თითქმის, 5 მლრდ ევრო შეადგინა. ყოფილი პრემიერი, ასევე, ფლობდა საფეხბურთო კლუბ „მონცას” (Monza), ხოლო 2017 წლამდე მას კლუბ „მილანის“ (Milan) აქციების 99,93% ეკუთვნოდა. თუმცა ბერლუსკონიმ „მილანის“ აქციები ჩინურ-ამერიკულ კონსორციუმ Rossoneri Sport Investment Lux-ს 740 მლნ ევროდ მიჰყიდა. პოლიტიკოსის მემკვიდრეობა, ასევე, მოიცავს ინვესტიციებს ფინანსურ ციფრულ კომპანიებში, Satispay-სა და Soldo-ში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ