ლილოში სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად, ლილოში სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე, ლილოს რკინიგზის ხიდიდან ლოჭინის ხევამდე 1 300 მეტრის სიგრძის დახურული სანიაღვრე კოლექტორი მოეწყობა. ნარმანიას თქმით, კოლექტორის არარსებობის გამო, გზის ამ მონაკვეთზე წვიმის დროს დიდი დაბრკოლება ექმნებოდა როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე მძღოლებს. მისივე თქმით, ახალი კოლექტორის ექსპლუატაციაში შესვლით პრობლემები მთლიანად აღმოიფხვრება.

პროექტის მიხედვით, კეთდება სანიაღვრე ქსელი. გზის ერთ მხარეს 600 მმ, მეორე მხარეს კი, 800 მმ დიამეტრის რკინა-ბეტონის მილები განთავსდება, მოეწყობა ჭები და ცხაურები, დაიგება ასფალტის საფარი. ხევთან ახალი კოლექტორის მარჯვენა და მარცხენა მხარეები ცენტრალურ სანიაღვრე კოლექტორს შეუერთდება. კოლექტორის მოწყობის სამუშაოები 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და 2015 წლის მაისში დასრულდება.

სამუშაოებს შპს "პალიტრა" აწარმოებს. პროექტისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 892 490 ლარი.