„მოცვის ექსპორტი ფაქტობრივად, სრულად არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, თუმცა ამ წელს შეინიშნება გარკვეული ძვრები“

„მოცვის ექსპორტი ფაქტობრივად, სრულად არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, თუმცა ამ წელს შეინიშნება გარკვეული ძვრები“,- ამის შესახებ „აგრითაჩისა“ და Blueberry Farm-ის დამფუძნებელმა, ლურჯი მოცვის ასოციაციის პრეზიდენტმა ეკატერინე ვეფხვაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე სეზონზე პროდუქციის ნაწილი ევროპის ქვეყნებშიც გავიდა და ამასთან, ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს სპარსეთის ყურის ქვეყნებიც.

„წლევანდელი წელი დიდად არ განსხვავდება შარშანდლისგან. მოცვის ექსპორტი ფაქტობრივად, სრულად არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, თუმცა ამ წელს შეინიშნება გარკვეული ძვრები და ექსპორტი განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებშიც. ასევე, ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს სპარსეთის ყურის ქვეყნებიც.

რაც შეეხება ფასს, ყოველთვის იკლებს სეზონის დასრულებისა და ზოგადად, ყოველკვირეულად იცვლება, რასაც ძირითადად საერთაშორისო ბაზარი განსაზღვრავს და როდესაც შენ დამოკიდებული ხარ მხოლოდ ერთ ბაზარზე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ის განსაზღვრავს, თუ რა ფასი ექნება ჩვენ მოცვს, რაც ჩვენი მთავარი პრობლემაა ამ ეტაპზე“,- ამბობს ეკატერინე ვეფხვაძე.

აღსანიშნავია, რომ წელს „აგრითაჩი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც პოლონეთში საერთაშორისო ლურჯი მოცვის ორგანიზაციის სამიტში მიიღო მონაწილეობა. როგორც ეკატერინე ვეფხვაძე აღნიშნავს, იმისათვის, რომ საქართველომ მსოფლიოში დაიმკვიდროს ადგილი, როგორც მოცვის მწარმოებელმა ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ, აუცილებელია, ასეთი სახის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

მისი თქმით, გარდა ქვეყნის პოპულარიზაციისა, სამიტის საშუალებით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ მოცვის თანამედროვე საწარმოო პრაქტიკას მოყვანიდან დაწყებული, მისი ექსპორტით დამთავრებული.

„ამ ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტები, მითუმეტეს, როდესაც ჩვენი კომპანია და ზოგადად, სექტორი ძირითადად უცხოურ ბაზარზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ამ სახის ღონისძიებებზე დასწრება გვაძლევს საშუალებას, დავამყაროთ ურთიერთობა სექტორში არსებულ მსოფლიოს უდიდეს კომპანიებთან, იქნება ეს სავაჭრო, ნერგების მომწოდებელი, თუ სხვა სახის კომპანია. აღნიშნული კონტაქტები გვეხმარება არა მარტო ექსპორტის მხრივ, არამედ თანამედროვე ტრენდების გაცნობაში და სექტორში არსებული სიახლეების თუ უკვე გამოცდილი პრაქტიკის დანერგვაში“, - განაცხადა ეკატერინე ვეფხვაძემ.

ნინი ქეთელაური