ბუნებრივი გაზი შესაძლოა 1 ლარამდე გაძვირდეს

ცალკეულ კომერციულ პირებს ბუნებრივი აირის საფასური უკვე გაუძვირდათ

მერყევი ლარისა და შემცირებული ეკონომიკური ზრდის პირობებში ბიზნესისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ინფორმაცია, ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდის შესახებ. გაზის გაძვირება თავისთავად გულისხმობს სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებზე ფასების ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში მთავრობაც ჩაერთო და იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის გაძვირებას ირიბად შეეწინააღმდეგა და გაზის მთავარ მომწოდებელთან "სოკარ ჯორჯია გაზთან" მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა, გარკვეულ იურიდიულ პირებს ბუნებრივი აირი მაინც გაუძვირდათ. მართალია, "ყაზტრანსგაზსსა" და "სოკარ ჯორჯია გაზში" განმარტავენ, რომ იურიდიული პირებისთვის გაზის საფასური არ გაუზრდიათ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. როგორც bpn.ge-თვის გახდა ცნობილი, ცალკეულმა გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა იურიდიულ პირებს გაზის ტარიფი გაუზარდეს. ერთ-ერთი მათგანი შპს "ვარკეთილაირია."კომპანიამ თავის მომხმარებელს - იურიდიულ პირებს, 1 კუბ.მეტრი ბუნებრივი აირი 97 თეთრამდე გაუძვირა. ტარიფის გაზრდის ფაქტს კომპანიაში არ უარყოფენ და ამას ლარის გაუფასურებით ხსნიან. მათი ვარაუდით, დოლარის კურსი თუ არ დასტაბილურდა, მომავალი თვიდან ტარიფი უკვე 1 ლარი გახდება.

შპს "ვარკეთილაირის" დირექტორის ნუგზარ მღვდელაძის თქმით, მათი ორგანიზაცია გაზის ძირითად ნაწილს "შპს ყაზტრანსგაზიდან" და მცირე ნაწილს "სოკარ ჯორჯია გაზიდან" ყიდულობს. "მომწოდებელთან ხელშეკრულება დოლარში გვაქვს გაფორმებული. შესაბამისად, დოლარის კურსის მატების პარალელურად, გადასახადი გაგვიძვირდა. ამიტომ, იძულებული გავხდით, რომ სატარიფო პაკეტის თანხა გაგვეზარდა. თუ სიტუაცია არ დასტაბილურდა, იძულებული გავხდებით, ტარიფი 97 თერთიდან ერთ ლარამდე გავზარდოთ", - ამბობს ნუგზარ მღვდელაძე.  მისივე თქმით, გაზის ტარიფი შარშან, ნოემბრიდან ეტაპობრივად გააძვირეს. "როცა დოლარის კურსი1, 78 ლარი იყო, მაშინ კომერციულ გაზს დღგ-ს ჩათვლით 62 თეთრად ვყიდულობდით. როგორც გითხარით, მომწოდებელი გაზის საფასურს დოლარში აფიქსირებს, ხოლო ჩვენ ანგარიშსწორებას ლარში ვახდენთ. როგორც კი დოლარის კურსი აიწია, უკვე ნოემბერში ტარიფი 69 თეთრი გავხადეთ, დეკემებრში - 72 თეთრი, იანვარში - 84 თეთრი და ა.შ. ამას ვამატებთ ჩვენს მარჟას - 13 თეთრს და 84 თეთრად ნაყიდი გაზი უკვე 97 თეთრი გახდა. ვვარაუდობ, რომ ამჯერად, გაზს 87 თეთრად მომყიდიან. ასეთ შემთხვევაში მომავალი თვიდან გაზის ტარიფი ერთი ლარი გახდება. მთლიანად დამოკიდებული ვარ მომწოდებელზე. მომხმარებელი ჩვენ გვიტევს. არადა, ჩვენ რა შუაში ვართ? ჩვენ თვითონ გაგვიძვირდა გაზის საფასური," - ამბობს მღვდელაძე. bpn

bpn.ge კომენტარისთვის გაზის მომწოდებლებს დაუკავშირდა. "ყაზტრანსგაზსა" და "სოკარ ჯორჯია გაზში" განმარტავენ, რომ იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი არ გაუძვირებიათ.

ეკა სარია, "ყაზტრანსგაზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი: "შპს " ვარკეთილაირი" და შპს "დიდი დიღომიც" გაზის დისტრიბუტორები არიან. აღნიშნული კომპანიები ჩვენგან გაზს დოლარის მიმდინარე კურსის მიხედვით ყიდულობენ, ჩვენ კი "სოკარისგან" ვყიდულობთ. რადგან კურსი მერყეობს, საფასურიც გაეზარდათ. ამიტომ, თუ მათ იურიდიულ პირებს ტარიფი გაუძვირეს, ეს მათი პრობლემაა. ჩვენც გაგვიძვირდა გაზი, თუმცა, მოსახლეობაზე მაინც ძველი ფასით ვყიდით."

"სოკარ ჯორჯია გაზში" კი აცხადებენ, რომ იურიდიული პირებისთვის გაზი არ გაუძვირებიათ და მსგავსი რამ არც იგეგმება. ამრიგად, გაზის მომწოდებლები ამტკიცებენ, რომ ბუნებრივი აირის საფასური არ გაზრდილა, ხოლო გაზის გამანაწილებელი კომპანიების მხრიდან ცალკეული იურიდიული პირებისთვის საფასურის გაზრდას ლარის დევალვაციას აბრალებენ.

ფაქტია, რომ გაზის საფასურის გაზრდის ფონზე, თონეებმა პურის ფასი უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც გააძვირეს. bpn.ge რამდენიმე მათგანს ესაუბრა და ჩვენმა რესპოდენტებმა მეტი თვალსაჩინოებისთვის გაზრდილი საფასურის ქვითრებიც წამოგვიდგინეს. "აქამდე თვეში 600 ლარს ვიხდიდი, ამ თვეში კი 862 ლარი გადავიხადე. სადამდე უნდა გავზარდოთ პურის ფასი? მერე ვინ იყიდის? ხალხს ისედაც უჭირდა 60 თეთრის გადახდა და 70 თეთრი რაც გავხადე, უკვე შემცირდა გაყიდვა. თუ კიდევ გაგვიზარდეს გადასახადი, მაშინ რა ვქნათ? პურის ფასი ლარი გავხადოთ? მუშაობას აზრი ეკარგება. როცა 87 თეთრი გახდა ბუნებრივი აირის საფასური, მაშინ წინასწარ გაგვაფრთხილეს, ახლა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოგვივიდა ქვითარი, სადაც გაზის ტარიფი უკვე 97 თეთრია", - ამბობს ერთ-ერთი თონის მეპატრონე.

ჯერ კიდე მარტში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კომერციული სექტორისთვის არსებული გაზის ტარიფი 1 მაისამდე უცვლელად შენარჩუნდებოდა. მინისტრის თქმითვე, აღნიშნულისთვის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარის სუბსიდია განხორციელდა. გაგრძელდება თუ არა სუბსიდირება მომავალშიც, კალაძის თქმით, ამაზე მთავრობა და ხელისუფლება იმსჯელებს. მიუხედავად ამისა, მთელი რიგი კომერციული ობიექტებისთვის გაზი მაინც გაძვირდა.

სალომე გოგოხია