დიდ ბრიტანეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრების უსაფრთხოების გაზრდილი ხარჯების დათვლა დაიწყეს, რომელთა რაოდენობამაც შვიდს მიაღწია. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ პირველად თანამედროვე ისტორიაში ბრიტანეთს შვიდი ცოცხალი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, რომლებიც, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს, უსაფრთხოების ძვირად ღირებული მომსახურებით სარგებლობენ. მთავრობის ყოფილი ლიდერების დაცვის თანამშრომლებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, რომლის დაფინანსებაც გადასახადის გადამხდელთა მხრებს აწვება.
„კონსერვატორებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მეოთხე პრემიერ მინისტრი ჰყავდათ. კერძოდ, რიში სუნაკის წინამორბედებს, ტერეზა მეის, ბორის ჯონსონსა და ლიზ ტრასს საერთაშორისო მოხსენებებს კარგად უნაზღაურებენ. თუმცა ყოველთვის, როცა ყოფილი პრემიერი საზღვარგარეთ მიემგზავრება, მის უსაფრთხოების ხარჯებს ბრიტანელი გადასახადის გადამხდელები უზრუნველყოფენ,” - წერს გამოცემა.
თუ გამოკითხვები გამართლდა, მომავალი წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ პოსტს, სავარაუდოდ, რში სუნაკიც დაემშვიდობება. ამასთან, ყოფილ პრემიერებს ახალგაზრდა ასაკი აქვთ. მაგალითად, ლიზ ტრასი 47 წლისაა, ჯონსონს და დევიდ კემერონს კი 60 წელი ჯერ არ შესრულებიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელები მათ უსაფრთხოებას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დააფინანსებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების სერვისის ღირებულებას იმავე უსაფრთხოების ზომების გამო არ ასაჯაროვებს. ერთ-ერთი თანამოსაუბრე, რომელიც კარგად იცნობს ლონდონის პოლიციის დაცვის ქვედანაყოფების მუშაობას, Politico-სთან აცხადებს, რომ სამთავრობო გადანაცვლებების შემდეგ ქალაქის პოლიცია ცდილობდა, ექსპრემიერების ერთდროულად დასაცავად საკმარისი პერსონალი მოეძია, ამიტომ იძულებული გახდა, ციფრებზე დაფიქრებულიყო.
ლონდონის პოლიციის სამეფო დაცვის ყოფილი უფროსი, დაი დეივისი დარწმუნებულია, რომ ყოფილმა პრემიერებმა, რომლებთაც შემოსავლიანი საერთაშორისო გამოსვლები აქვთ, „100%-ით უნდა შეიტანონ წვლილი“ თავიანთი უსაფრთხოების ხარჯებში.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ