თურქეთში ახალგაზრდა მოსახლეობის წილმა 15,2% შეადგინა, რაც ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის (TÜİK) ბიულეტენში არის ნათქვამი, რომელიც მოსახლეობის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.
ქვეყანაში უფროსი თაობის წილმა 9,9% შეადგინა, რაც, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით დაბალია.
TÜİK-ის მონაცემებით, თურქეთი მიმდინარე წლის დასაწყისში მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში მე-18 ადგილზეა. 2022 წლის ბოლოსთვის მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდ ადამიანს მიაღწია, ხოლო თავად თურქეთის მოსახლეობა 85 279 553 ადამიანს შეადგენდა.
შედარებისთვის: 1999 წელს მსოფლიოს მოსახლეობამ 6 მილიარდს, 2011 წელს კი 7 მილიარდ ადამიანს მიაღწია.
გაეროს მონაცემებით, 2022 წელს მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოს ქვეყნებს შორის ლიდერად ჩინეთი რჩება, სადაც 1 425 887 337 ადამიანი ცხოვრობს. მეორე ადგილს 1 417 173 173 მცხოვრებით ინდოეთი იკავებს, ხოლო მესამეზე ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლის მოსახლეობაც 338 289 857 ადამიანს შეადგენს.
ამ ტოპ-3 ქვეყნის წილი მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობაში 39,9%-ს შეადგენს, ხოლო თურქეთის წილი 1,1%-ია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ