რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხს ივლისში განიხილავენ

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების ან გახანგრძლივების საკითხს ევროკავშირის ლიდერები ივლისში განიხილავენ. "ბი-ბი-სის" ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, ევა კოპაჩმა განაცხადეს. "ჩვენ ივლისში განვიხილავთ სანქციების საკითხს და მივიღებთ გადაწყვეტილებას მისი გახანგრძლივების ან გაუქმების შესახებ", - აღნიშნა მერკელმა.

პოლონეთის პრემიერის თქმით კი, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები, რომელიც ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო დაწესდა, ჯერჯერობით უნდა შენარჩუნდეს. "მინსკის შეთანხმების განხორციელების შედეგად გადაწყდება, გაიზარდოს თუ არა შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ", - აღნიშნა ევა კოპაჩმა.

უკრაინის კონფლიქტის გამო მოსკოვს ევროკავშირმა, აშშ-მა, კანადამ და ავსტრალიამ ამ დრომდე არაერთი სანქცია დაუწესა.