„ცუკ, შენი ცოლი Tesla-თი დადის” - მასკმა ცუკერბერგს უსაყვედურა

ილონ მასკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის მეუღლე, პრისცილა ჩანი ავტომობილ Tesla-თი გადაადგილდება, თუმცა ცუკერბერგმა ამის შესახებ არაფერი იცის.

„ცუკ, შენი ცოლი Tesla-თი დადის. შენ ამის შესახებ შეიძლება, იცოდე ან არ იცოდე, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი“, - წერს მასკი.

მანამდე Twitter-ის შემქმნელმა, ჯეკ დორსიმ Meta-ს ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგის ახალ სოციალურ ქსელ Threads-ს თავისი პროექტის კიდევ ერთი კლონი უწოდა. მან ახალი აპლიკაცია Twitter-ის დიზაინისა და ფუნქციონალის სრულად კოპირების გამო გააკრიტიკა. Twitter-ის ამჟამინდელმა მფლობელმა, ილონ მასკმა დორსის პოსტს თანხმობის ნიშნად „სმაილით“ უპასუხა, რადგან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში Threads-ს ორივე ღიად აკრიტიკებდა.

კერძოდ, დორსი Threads-ს მომხმარებლის მონაცემების დიდი რაოდენობით შეგროვებაში ადანაშაულებს, მასკი კი იმუქრება, რომ მარკ ცუკერბერგს აპლიკაციის ჩაშვების გამო უჩივლებს. მისი თქმით, კომპანია უკანონოდ იყენებდა „Twitter-ის სავაჭრო საიდუმლოებასა და სხვა ინტელექტუალურ საკუთრებას.“

საქმე დაანონსებულ ფიზიკური დაპირისპირებამდეც მივიდა. კერძოდ, 21 ივნისს მასკმა ცუკერბერგი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) სახეობაში მას შემდეგ გამოიწვია, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ Meta სოციალურ ქსელ Twitter-ის ანალოგს ავითარებდა. ცუკერბერგმა ეს გამოწვევა მიიღო და შერკინება შესაძლოა, იტალიის მთავრობის ორგანიზებით რომის კოლიზეუმში გაიმართოს.

აღსანიშნავია, რომ „ფსონები“ უფრო ცუკერბერგზე იდება, რადგან მას არაერთხელ განუცხადებია, რომ საბრძოლო ხელოვნება მისი გატაცებაა და ბრაზილიურ სახეობა ჯიუ-ჯიცუშიც კი უასპარეზია. თუმცა 52 წლის მასკი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ სამხრეთ აფრიკაში, სადაც ის იზრდებოდა, ორთაბრძოლებში ხშირად მონაწილეობდა.

ახლახან, ორივე მილიარდერმა „საუკუნის ბრძოლისთვის“ მზადების ვიდეოკადრები გაასაჯაროვა. მათ ჯიუ-ჯიცუს ოსტატთან, შავი ქამრის მფლობელ ლექს ფრიდმანთან ვარჯიში რიგ-რიგობით გამართეს. ამასთან, მასკმა UFC-ის სამგზის ჩემპიონ ჟორჟ სენტ-პიერისგან გაწვრთნის შეთავაზება მიიღო, რაზეც Twitter-ის მფლობელი დათანხმდა.

„მე მას დავალურჯებ,“ - აცხადებს მასკი.

ბრძოლის სანახავი ფასიანი გამოწერა 100 დოლარი ეღირება, რაც ორგანიზაციის ტურნირების სტანდარტულ (pay-per-view-ს) ფასზე 20 დოლარით მეტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ