ირაკლი ნადირაძე - ბაჩიაშვილის საქმეზე გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის უახლოეს გარემოცვას დაერია, რაც მისი „ბოლო ჟამის“ ამბავზე მეტყველებს

ბაჩიაშვილის საქმეზე ჯერ ერთი გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ბიტკოინების საქმიანობაში თავიდან ბოლომდე იყო ჩართული და მეორე ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის უახლოეს გარემოცვას დაერია, რაც მისი ბოლო ჟამის ამბავზე მეტყველებს, - ამის შესახებ განცხადებას საკრებულოს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ავრცელებს.

მისივე თქმით, აღნიშნული საქმე, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის „შავ-ბნელ საქმიანობასთან და სანქციებთან დაკავშირებულ საქმეების შესახებ ინფორმაციის გაჟონვას უკავშირდებოდეს“.

„ბაჩიაშვილის საქმე ძალიან საინტერესო „ქეისია". ჯერ ერთი, ამან გამოაჩინა, რომ ბიძინა ივანიშვილი ბიტკოინების საქმიანობაში თავიდან ბოლომდე იყო ჩართული. იმ ბიტკოინების, რომლის გამოც, ჩვენს მოსახლეობას განახევრების ნაცვლად დენის ტარიფი გაუძვირდა და მეორე, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის უახლოეს გარემოცვას დაერია. ესეც მისი ბოლო ჟამის ამბავზე მეტყველებს და არ არის გამორიცხული, მის შავ-ბნელ საქმიანობასთან და სანქციებთან დაკავშირებული საქმეების შესახებ ინფორმაციის გაჟონვას უკავშირდებოდეს. ამიტომ, ჩვენ ბიძინა ივანიშვილის გარშემო ალაპარაკებული ხალხი ძალიან მალე უნდა ვიხილოთ, რომელიც მის რუსეთთან კავშირებზე მოჰყვება და იმასთან დაკავშირებით, როგორ ათეთრებდა ის ფულს სხვადასხვა მიმართულებით“, - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.