ქრთამის აღების ფაქტზე ახალქალაქის გამგეობის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა არუთუნ ირიციანმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, შესაბამისი სამშენებლო ნებართვის გაცემამდე მოქალაქეს უფლება მისცა სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე, რის ნაცვლადაც ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო 1200 აშშ დოლარი. სამართალდამცველებმა არუთუნ ირიციანი ბრალდებულის სახით დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.