კობა ხარშილაძე - თუ თქვენ ან ვინმე მეტყვის, რომ რეალურად გაიგეთ, რაში იყო კომპანია „გრინ სერვისი“ დამნაშავე, მე ხელები ამიწევია

თუ თქვენ ან ვინმე მეტყვის, რომ რეალურად გაიგეთ, რაში იყო კომპანია დამნაშავე, მე ხელები ამიწევია, - ამის შესახებ კომპანია “გრინ სერვისის” ერთ-ერთმა მეწილემ, კობა ხარშილაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულებისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში შადრევნისთვის ყველა საჭირო მასალა საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა და შემდეგ ჩინელმა ინჟინერმა დაამონტაჟა.

კობა ხარშილაძის თქმით, ის პასუხისმგებლობის ჩინელი ინჟინრისთვის გადაბარებას არ ითხოვს, თუმცა სურს, რომ კითხვებს პასუხი გაეცეს და სიმართლე გაირკვეს. საქმის მწარმოებლებს კითხვები არ დაუსვამთ.

„გრინ სერვისმა” სამუშაოების დაწყება საზღვარგარეთ დაუკვეთა. ყველა მასალა, მათ შორის, სადენები, საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა. ამის შემდეგ საქართველოში იყო ჩინელი ინჟინერი, რომელმაც ეს ყველაფერი დაამონტაჟა. კითხვა უნდა დასმულიყო, თუ რა იყო შეცდომა. თუ თქვენ ან ვინმე მეტყვის, რომ რეალურად გაიგეთ, რაში იყო კომპანია დამნაშავე, მე ხელები ამიწევია. ვერცერთ მანიშნებელს ვერ ნახავთ, რომელიც გეტყვით, რომ დანაშაული კონკრეტული რაღაცის გამო მოხდა. მე პასუხისმგებლობის ჩინელ ადვოკატზე გადატანაზე არ ვსაუბრობ. მე მაინტერესებს, რამ გამოიწვია ეს გამოუსწორებელი ტრაგედია. ჩვენი ადვოკატები ნამდვილად სვამდნენ კითხვებს, თუმცა არცერთ ეტაპზე, მათ პასუხი არ მიუღიათ. რაც არ უნდა შეცდომა გვქონოდა, დაცვის სისტემას უნდა ემუშავა და ეს ასე არ მოხდა. თუ რატომ, ეს გასარკვევია”, - განაცხადა კობა ხარშილაძემ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან რვას პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ: „გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6 წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის - 3 წლით, დევი კახოიძეს - 3 წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს - 3.6 წლით, დავით თუშიშვილი - 3.6 წლით, გიორგი გობეჯიშვილს - 4 წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს - 3 წლით და ბექა მურღვლიანს - 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაზე საქმის წარმოება 2 ეპიზოდად გაიყო. მეორე ეპიზოდებზე განხილვა არ დასრულებულა.