შსს-მ ქობულეთში ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

სამართალდამცავებმა ქობულეთის რაიონში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. შსს-ს ცნობით, აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ლაშა შ, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კახა კ. და 1993 წელს დაბადებული უჩა ს. ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ბრალდებულები 19 აპრილს, ღამით, ქობულეთის რაიონის დაბა ოჩხამურში, ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინეთის ორ მოქალაქეს მშენებლობის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კოტეჯში თავს დაესხნენ და ცივი იარაღის მუქარით 1600 ჩინური იენი, 200 ამერიკული დოლარი, 200 ლარი, მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი გასტაცეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში ქობულეთში დააკავეს. ნაყაჩაღარი ფულის ნაწილი - 1600 იენი, დაზარალებულების პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი, დანაშაულის იარაღი და ნიღბები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სამივე დაკავებული ამავე მშენებლობაზე მძღოლად მუშაობდა.

გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.