2023 წლის ივნისში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები წლიურად 29.2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემებს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
კერძოდ, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 30 ივნისისთვის მთლიანმა რეზერვებმა 5,066 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს კი 29.2%-ით ანუ 1.144 მლრდ დოლარით მეტია 2022 წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით. კერძოდ, გასული წლის 30 ივნისის მდგომარეობით საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 3.922 მლრდ დოლარს შეადგენდა.
მიმდინარე წლის მაისის მაჩვენებელთან შედარებით კი, საერთაშორისო რეზერვები 65.3 მლნ დოლარით ანუ 1.3%-ით გაიზარდა.
„გალთ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსების შეფასებით, რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას (ამ უკანასკნელზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ივლისს).
რაც შეეხება რეზერვების სტრუქტურას, უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და 2023 წლის 30 ივნისისთვის ეს ნაწილი 4,604 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 3,745 მლრდ დოლარი და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 858.7 მლნ დოლარი.
ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.