,,ასეთი აცდენა ფასში ერგნეთის ბაზრობის შემდეგ არ ყოფილა, როცა ფქვილი და ხორბალი უკონტროლოდ შემოვიდა და მიწების მხოლოდ 20% მუშავდებოდა" - ასოციაცია

ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები ხორბალს ისევ ვერ ყიდიან. მიუხედავად იმპორტირებულ ფქვილზე დაწესებული ამრეკლი საფასურისა, ფასი კვლავ ძალიან დაბალია.

რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" მემარცვლე ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ დღეს კილოგრამი ხორბლის ფასი თვითღირებულების ნახევარია, რის გამოც დარგი ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს.

"დღეს, ხორბლის ფასი 40 თეთრია, მაშინ როცა თვითღირებულება 80 თეთრი დაგვიჯდა. 40 თეთრზე მეტად არ იბარებენ წისქვილები. აქ საუბარია საფურაჟე ხორბალზე, რომელსაც ამ ფასადაც კი არ იბარებენ.

გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. ამას ვვარაუდობდით და ვეუბნებოდით მთავრობას. პროცესი ჩიხშია და გვჭირდება სასწრაფო გადაწყვეტა. ახალი მოსავლის აღება უკვე დაწყებულია. როგორც წესი, წვრილი ფერმერები, ამ დროს ყიდდნენ მოსავალს, თუმცა იმდენად დაბალია ფასი, რომ წარმოუდგენელია ახლა გაყიდო. ასეთი აცდენა ფასში ერგნეთის ბაზრობის შემდეგ არ ყოფილა, როცა ფქვილი და ხორბალი უკონტროლოდ შემოვიდა და მიწების მხოლოდ 20% მუშავდებოდა. ეს პერიოდი მე პირადად მახსოვს. 29 მოსავალი მოვიყვანე. მთელი ცხოვრება ამ საქმეს ვაკეთებ და ვხედავ, რომ უამრავი ფერმერი ვეღარ დათესავს ხორბალს, სხვა კულტურებით ჩაანაცვლებს. გამორიცხულია ამ ფასებით დარგმა გააგრძელოს ფუნქციონირება" - განაცხადა ბენიაიძემ ,,საქმეში".

შეგახსენებთ, ხორბლის მწარმოებლები მორიგ აქციას აანონსებენ. ასოციაციის ცნობით, მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით, აქცია 14 ივლისს, წნორში გაიმართება.

თამარ მუკბანიანი