ამერიკის შეერთებულ შტატებში კორპორაციული გაკოტრებების რაოდენობამ ივნისში ბოლო 13 წლის ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. ამის შესახებ TBC Capital წერს.
ეს მოცემულობა ქვეყანაში კომპანიებისთვის არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს ასახავს, რამეთუ მათ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების პირობებში უწევთ არსებობა.
ინფლაციის მოსათოკად ფედერალური რეზერვის (Fed) მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ბუნდოვანი ეკონომიკური ჰირიზონტი სესხების რეფინანსირებას აძვირებს. ეს კი, როგორც CNBC წერს, მომდევნო თვეებში გაკოტრებების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.
2023 წლის იანვარ-ივნისში აშშ-ში 41 გაკოტრება დაფიქსირდა, ხოლო კანადაში ერთი, რაც, Moody's Investors Service-ის თანახმად, ყველა რეგიონზე მეტია და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია.
მიუხედავად საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტემპის შენელებისა, Fed-ის თავმჯდომარე, ჯერომი პაუელი, სამომავლოდ განაკვეთების ზრდის საჭიროებაზე კვლავ საუბრობს.
ბანკირები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მაღალი განაკვეთები ბაზარზე არეულობის მთავარი გამომწვევია. კომპანიებს, რომლებსაც მეტი ლიკვიდურობა სჭირდებათ ან სესხების დიდი მოცულობა აქვთ, რეფინანსირებისთვის ახალ სესხებზე მაღალი დანახარჯები აქვთ.
Moody's მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე გაკოტრებების გლობალური დონე 4.6%-მდე გაიზრდება, 2024 წლის აპრილამდე 5%-ს მიაღწევს, შემდეგ კი შემცირებას დაიწყებს.