კომპიუტერების გაყიდვები კვლავ იკლებს, მაგრამ არა Apple-ის

IDC-ის ახალი ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში პერსონალური კომპიუტერების ბაზარი კლებას განაგრძობდა.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოში 61,6 მილიონი პერსონალური კომპიუტერი გაიყიდა, რაც 13,4%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტორები მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერებს მოიხსენიებენ, როგორც კომპიუტერებს და არ აერთიანებენ ტაბლეტებს გამოთვლებში, როგორც ამას ზოგიერთი სხვა ანალიტიკოსი აკეთებს.

ანგარიშიდან ჩანს, რომ ბაზრის ლიდერად რჩება Lenovo 23.1%-იანი წილით, მაგრამ წლის განმავლობაში მას მაქსიმალურად მიუახლოვდა HP, რომელსაც ახლა ბაზრის 21.8% აქვს. ეს იმიტომ, რომ Lenovo-ს გაყიდვები დაეცა 18,4%-ით, ხოლო HP-ის მხოლოდ 0,8%-ით. სამეულს ხურავს Dell 16,8%-იანი წილით და 22%-იანი კლებით. 16,5%-იანი კლება აქვს მეხუთე ადგილზე მყოფ Acer-საც, მას ბაზრის 6.4% უჭირავს.

ხუთეულში ერთადერთი ბრენდი, რომელსაც გაყიდვები გაეზარდა, არის Apple. ის მეოთხე პოზიციამდე დაწინაურდა. ბრენდის კომპიუტერების გაყიდვების ზრდამ 10.3% შეადგინა.

კოკა კვირკველია