სახელმწიფო აუდიტის სამსახური შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში შევიდა. ფაქტს პირად დევნას უკავშირებს დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოგა რაზმაძე.
გოგა რაზმაძის განცხადება არის სრული ტყუილი, აბსურდი და არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის თანამშრომლის ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში, რომელიც 5 წელია სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს, აუდიტი ტარდება.
დარახველიძის თქმით, გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი თანამშრომელი, რომელსაც ამ პროცესმა დისკომფორტი შეუქმნა.
„მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ადამიანის უფლებების დეპარტამენტი 5 წელია, რაც შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და ჩვენ მივიღეთ არაერთი რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორიც არის გაერო, ევროკავშირი და ა.შ. რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ დეპარტამენტის გაძლიერების მიმართულებით. იმისთვის, რომ შეგვეფასებინა არსებული მდგომარეობა, სად არის ძლიერი და სუსტი მხარეები, ვთხოვეთ აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა ფუნქციური დატვირთვა, ეფექტიანობა ამ დეპარტამენტის და სწორედ ამის შემდეგ დაგვეგეგმა შემდეგი ნაბიჯები. ამის შესახებ მე პირადად დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს ვესაუბრე, მათ შორის, აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები შეხვდნენ მენეჯმენტს და აუხსნეს მეთოდოლოგია და ის ძირითადი საკითხები, თუ როგორ ჩატარდებოდა აუდიტი. მხოლოდ გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს პროცესი დისკომფორტს უქმნის და ცოტა გაუგებარია ჩემთვის, თუ მუშაობ, თუ ყველაფერს კარგად აკეთებ, რა პრობლემაა, რომ ეს ყველაფერი კვალიფიციურმა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომუშავე დეპარტამენტმა შეაფასოს და პირიქით, გამოჩნდეს, ვინ აკეთებს საქმეს, სად არის პრობლემა, სად არის გამოსავალი.
სამწუხაროდ, მე ვერ ამოვიკითხე რაში გამოიხატა პრობლემები. დეპარტამენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ყველა თანამშრომელი აგრძელებს იმ საქმეების მონიტორინგს, რაც მათ დებულებით ევალებათ. ყველა შეხვედრაში მონაწილეობს თითოეული თანამშრომელი, სადაც კი ამ დეპარტამენტის მანდატია და არანაირი კონკრეტული ფაქტი იმის შესახებ, რომ რამე ზეწოლას ან შევიწროებას ჰქონდა ადგილი, გარდა გოგა რაზმაძის ზოგადი განცხადებებისა, ჩვენ არ მოგვისმენია. როგორც მე ამოვიკითხე მის პოსტში, მას მიუმართავს სახალხო დამცველისთვის და დაველოდოთ შესწავლის შედეგებს“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ მის მიმართ „დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობა ხორციელდება“.