Tesla-მ ინდოეთის ხელისუფლებასთან ქვეყანაში წარმოების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

Tesla-მ ინდოეთის მთავრობას საინვესტიციო წინადადება გაუგზავნა, რათა ქვეყანაში თავისი მანქანების წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ The Times of India იტყობინება.

"Tesla-მ შემოგვთავაზა ამბიციური გეგმა და დარწმუნებული ვართ, რომ ამჯერად მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის წინადადება გულისხმობს წარმოების ლოკალიზაციას და ექსპორტს“, - ციტირებს ინდოეთის მთავრობის ანონიმურ წარმომადგენელს გამოცემა.

გამოცემის თანახმად, ინდოეთის მთავრობის სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო. მათი ცნობით Tesla-ს წინადადებაა ქარხნის აშენება, რომელიც წელიწადში 500 000 მანქანას გამოუშავებს. წარმოებული მოდელების მინიმალური ღირებულება კი დაახლოებით 25 000 დოლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მაისში, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა The Wall Street Journal-ს ინტერვიუში განუცხადა, რომ „ინდოეთი შეიძლება იყოს საინტერესო ადგილი კომპანიის ახალი ქარხნის საზღვარგარეთ ასაშენებლად“ და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება 2023 წლის ბოლოს მიიღება. ივნისში მასკი ვაშინგტონში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის შეხვდა და შეხვედრის დასასრულს მან გამოთქვა რწმენა, რომ „ტესლა“ გამოჩნდება ინდოეთში და ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდება“.

კოკა კვირკველია