ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფლაცია 2-წლიან მინიმუმზეა, რამაც, შესაძლოა, დაასრულოს ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებების სერია.
გასულ თვეში აშშ-ში 3%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც მანამდე არსებულ მოლოდინებზე გაცილებით უკეთესი შედეგია.
ინფლაციის ამ დონემდე კლება მაინც არ გულისხმობს იმას, რომ ფასების ზრდის მაღალ ტემპთან ბრძოლა დასრულებულია. ფედერალური რეზერვი მომდევნო სხდომაზე კიდევ ერთხელ, 5.5%-მდე გაზრდის განაკვეთებს, თუმცა დიდია შანსი, რომ ეს წელს ბოლო იქნება.
ფედერალური რეზერვის მიზნობრივი მაჩვენებელი, ამჟამად, 2%-ია. უნდა ითქვას ისიც, რომ ინფლაციის კლება ე.წ. საბაზო ეფექტმა განაპირობა - გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო ინფლაცია მაღალი იყო, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაღალ მაჩვენებელთან შედარებით კი წელს კლება შესამჩნევია.
ინფლაციის მოთოკვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოწინააღმდეგეებს ფასების ზრდის მაღალი ტემპი მის საწინააღმდეგოდ შეეძლებათ გამოიყენონ.