ავოკადოს რეექსპორტი საქართველოდან უზბეკეთში 2024 წლის სეზონზე იგეგმება

აგვისტოს დასაწყისში საქართველოში კენიური ავოკადოს მორიგი პარტია შემოვა. ამის შესახებ კომპანია Eximcrop-ის წარმომადგენელმა, ვახტანგ გოგოლაძემ განაცხადა.

„ერთი კონტეინერი (24 ტონა) ავოკადო უკვე გზაშია. ის დაიტვირთა კენიაში და საქართველოში აგვისტოს პირველ კვირას იქნება. გაყიდვაში ჩაშვებამდე კი ის სპეციალურ საცავში შეინახება, რომლის შემდეგაც პროდუქტი ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში განთავსდება გასაყიდად“ - განაცხადა ვახტანგ გოგოლაძემ.

მისი თქმით, ეს არის საპილოტე პროექტი, რომლის მასშტაბებიც ეტაპობრივად გაიზრდება, ხოლო ავოკადოს რეექსპორტი საქართველოდან უზბეკეთში 2024 წლის სეზონზე იგეგმება.

Eximcrop-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავოკადოს ჰაბის შექმნის იდეამ გაამართლა. „საქართველო ბიზნესის კეთებისთვის საკმაოდ მიმზიდველი და სტრატეგიული ადგილია. აქ შემსუბუქებულია ბიუროკრატია, რაც პოზიტიური მოლოდინების საფუძველს იძლევა“, - განაცხადა ვახტანგ გოგოლაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში, გორში კენიური ავოკადოს პირველი ლოგისტიკური ცენტრი გაიხსნა.

ეკა დარჩიაშვილი