EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიაწოდეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც კომისიის წევრებმა აღნიშნეს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს პარლამენტისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიებზე დაგეგმილზე ადრე დასრულდა. ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის, მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო სესიის ორგანიზება იგეგმება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ შესაძლებლობებს.

2015 წლის 13-15 მაისს საქართველო ევროპული ბიზნესის ეპიცენტრი ხდება. თბილისი EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას და ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიებას 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი დაესწრება.

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ პოტენციალს, წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალებები გააშუქებენ.